ამერიკელი გენერალი საიდუმლო დოკუმენტში 2025 წელს ჩინეთთან ომს პროგნოზირებს

აშშ-ს საჰაერო ძალების ერთ-ერთი მეთაური კოლეგების მიმართ გაგზავნილ საიდუმლო წერილში 2025 წელს ჩინეთსა და აშშ-ს შორის ომის დაწყებას პროგნოზირებს. 

გენერალ მაიკ მინიჰანის საიდუმლო წერილის შინაარსს Financial Times გაეცნო

"იმედი მაქვს, რომ ვცდები, მაგრამ ჩემი ინტუიცია მკარნახობს, რომ 2025 წელს ჩვენ ვიომებთ",- ნათქვამია წერილში. 4-ვარსკვლავიანი გენერალი წერილში ხსნის თუ რით არის განპირობებული მისი პროგნოზი -  მისი თქმით, გასული წლის ოქტომბერში უპრეცედენტო მესამე ვადის განაღდების შემდეგ სი ძინფინგი თავდაჯერებულია და 2024 წელს ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა სამხედრო აგრესიის საბაბად გამოიყენოს. 

მინიჰანი ამბობს, სი ძინფინგს ხელს აძლევს ის გარემოებაც, რომ 2024 წელს აშშ საკუთარ საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნება გადართული, რაც ჩინეთის მოქმედების შედარებით თავისუფლებას მისცემს. 

"სის გუნდი, მიზანი და შესაძლებლობა, ყველაფერი თავს იყრის 2025 წელს",- წერს გენერალი მინიჰანი. 

კონტექსტი 

მაიკ მინიჰანის წერილი ტაივანის ირგვლივ მზარდი დაძაბულობის პერიოდს დაემთხვა და ჯერჯერობით აშშ-ს სამხედრო მაღალჩინოსნის ყველაზე პესიმისტურ პროგნოზს წარმოადგენს. საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული წერილი გასაჯაროება წინ უძღვის ენტონი ბლინკენის პირველ ვიზიტს ჩინეთში სახელმწიფო მდივნის რანგში. 

გასული 2 წლის განმავლობაში ამერიკელი გენერლები ხშირად საუბრობენ ტაივანის ირგვლივ არსებულ დაძაბულობა და ჩინეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის ინიცირების დროზე. ასე მაგალითად 2021 წელს ადმირალმა ფილიპ დავიდსონმა, რომელიც მაშინ ინდოეთისა და წყნარი ოკეანის შტაბის მეთაური იყო განაცხადა, რომ ჩინეთმა ტაივანს შესაძლოა 2027 წელს შეუტიოს. 

გასული წლის ოქტომბერში ადმირალმა მაიკლ გილდეიმ განაცხადა, რომ პენტაგონი ნებისმიერ მომენტში მზად უნდა იყოს ტაივანის სრუტეში საბრძოლო მოქმედებების დაწყებისთვის. 

წერილს ავტორი მაიკ მინიჰანი აშშ-ს საჰაერო ჯარების ლოჯისტიკის საკითხებს კურირებს. 4-ვარსკვლავიან გენერალი გასულ წლებში ინდოეთ-წყნარი ოკეანის აუზის შტაბის მეთაურის მოადგილის პოსტსაც იკავებდა. 

მინიჰანი ამ რეგიონში ათწლეულების განმავლობაში მსახურობდა და ბევრი ექსპერტის აზრით, სამხედრო პირებში ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ექსპერტია. 

ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი

ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად ტაივანს დამარცხებული გენერალი ჩან კაიშის პარტია მართავდა. 

ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს კუნძული თუნდაც ძალის გამოყენებით. 

ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები. 

ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს, მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს. 

ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტაბები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს. 

ტაივანთან მიმართებით აშშ წლების განმავლობაში ე.წ. სტრატეგიული ბუნდოვანების პოლიტიკას ინარჩუნებდა - მიდგომის ფარგლებში აშშ არ ამჟღავნებდა ჩაერეოდა თუ არა სამხედრო გზით კონფლიქტში ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში. 

ამ პოლიტიკის ცვლილებად იქნა აღქმული პრეზიდენტ ბაიდენის წლევანდელი განცხადებები - 2022 წელს ჯო ბაიდენმა ოთხჯერ განაცხადა, რომ კუნძულის დასაცავად აშშ ძალას გამოიყენებდა.

მსგავსი სიახლეები