ამერიკის მოთხოვნის გათვალისწინებით, ისრაელმა ღაზაში ომის გეგმა შეცვალა - მე-12 არხი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტის შემდეგ, სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის შესამცირებლად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში საბრძოლო მოქმედებების გეგმა "განაახლა" და "შესწორებები შეიტანა."

ამ ინფორმაციას ისრაელის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით მე-12 არხი ავრცელებს.

ბლინკენმა ისრაელის ხელისუფლებას უთხრა, რომ ღაზას სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო ზონები უნდა შეიქმნას, რათა თავიდან აიცილონ "სიცოცხლისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის" დაზიანება, როგორიცაა საავადმყოფოები, ელექტროსადგურები და წყლის გამწმენდი ნაგებობები და მინიმუმამდე დაიყვანოს ღაზის მოსახლეობაში მსხვერპლი.

"ჩვენ არ უგულებელვყვეთ ამერიკული რეკომენდაციები და ეს ცხადი გახდება უახლოეს დღეებში," - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა სატელევიზიო რეპორტაჟში.

რეპორტაჟში ნათქვამია, რომ ისრაელმა ასევე გადაწყვიტა ღაზაში შესული ჰუმანიტარული დახმარება იმავე დონეზე შენარჩუნდეს, როგორც ზავის დროს.

წყაროს თქმით, აშშ-ის შეშფოთების ფონზე, ისრაელის მაღალჩინოსნები განიხილავენ ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდას - საკვების, მედიკამენტების, საწვავის და გაზის ჩათვლით.

ტელევიზია ციტირებს ისრაელის ოფიციალურ პირს, რომელიც ამბობს, რომ ბლინკენმა და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ბოლო სატელეფონო საუბარში წარმოადგინეს მოთხოვნები, როგორც "ერთგვარი პირობა, რათა გრძელვადიანი ამერიკული მხარდაჭერა მიიღონ. ისრაელმა ყველა მის გეგმაში უნდა გაითვალისწინოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირება, მინიმუმადე შეამციროს მათი სახლებიდან ევაკუაცია და იმუშაოს უფრო და უფრო მეტი უსაფრთხო ტერიტორიის უზრუნველსაყოფად, სადაც ბრძოლა არ იქნება."

მსგავსი სიახლეები