ანჯეი დუდამ პოლონეთის 2024 წლის ბიუჯეტის კანონს ვეტო დაადო
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გადაწყვიტა ვეტო დაადოს ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც მომავალ წელს ქვეყნის სახელმწიფო მედიისთვის 3 მილიარდი ზლოტის (თითქმის 700 მილიონი ევროს) გამოყოფას ითვალისწინებს.
დუდამ თავისი გადაწყვეტილება X-ზე შაბათს საღამოს გამოაცხადა.
"მე გადავწყვიტე ვეტო დავედო 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს 3 მილიარდ ზლოტს სახელმწიფო მედიისთვის. ამაზე შეთანხმება შეუძლებელია კონსტიტუციისა და დემოკრატიული პრინციპების აშკარა დარღვევის გათვალისწინებით. სახელმწიფო მედია პირველ რიგში სამართლიანი უნდა იყოს და კანონიერად აღდგეს," - განაცხადა დუდამ.
მან დაამატა, რომ შობის შემდეგ ის დაუყოვნებლივ წარუდგენს სეიმს სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთარ პროექტს და სეიმის სპიკერს შიმონ ჰოლოვნიას და სენატის სპიკერს მალგოზატა-კიდავა ბლონსკას მოუწოდა სასწრაფოდ მოიწვიონ ორივე პალატის სხოდმა, რათა ეს კანონპროექტი ამ წლის ბოლოს განიხილონ და მიიღონ.
"ამ ვითარებაში, სახელმწიფო მედიის საბიუჯეტო კანონპროექტით (საპარლამენტო უმრავლესობით) დაფინანსების მცდელობა მიუღებელია. ჩემს კანონპროექტში ყველა სხვა საბიუჯეტო ხარჯი - მასწავლებელთა ხელფასების მატებით - შენარჩუნდება," - განაცხადა დუდამ.
მანამდე დუდამ წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობის გადაყენებასთან დაკავშირებით და მოუწოდა "პატივი სცეს პოლონეთის სამართლებრივ წესრიგს."
ტუსკმა დუდას უპასუხა, რომ პოლონეთის სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობის გადაყენება სწორედ "საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამართლებრივი წესრიგისა და ზოგადი წესიერების აღდგენას ისახავდა მიზნად."
ოთხშაბათს პოლონეთის ახალმა კულტურის მინისტრმა ბართლომეო სიენკევიჩმა თანამდებობიდან პოლონური ტელევიზიის, პოლონური რადიოსა და პოლონური პრესის სააგენტოს ხელმძღვანელობა გაათავისუფლა. პოლონეთის ახალი მთავრობა ამბობს, რომ სახელმწიფო მედია ზედმეტად პოლიტიზირებული იყო წინა მთავრობის მმართველობის წლებში.
სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობის ცვლილებამ ოპოზიციური პარტია "კანონი და სამართლიანობის" პროტესტი გამოიწვია.