APA: ალეივმა უარი თქვა ფაშინიათან და ევროპელ ლიდერებთან დაგეგმილ შეხვედრაზე
აზერბაიჯანის პრეზიდეტი, არ გაემგზავრება გრანადაში, სადაც ის ნიკოლ ფაშინიანს, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებს უნდა შეხვედროდა.
ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო APA ავრცელებს. საუბარია 5 ოქტომბრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ესპანურ გრანადაში უნდა გამართულიყო.
სააგენტოს ცნობით, ალიევი შეხვედრაში თურქული მხარის მონაწილეობას მოითხოვდა, რაზეც უარი მიიღო - სწორედ ეს გახდა შეხვედრის გაუქმების მიზეზი. თურქეთის მონაწილეობის წინააღმდეგ გერმანია და საფრანგეთი გამოდიან.
კონტექსტი
თავდაპირველად მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სომხეთის უსაფრთხოების საბჭომ გაავრცელა, თუმცა გეგმები ოფიციალურ დონეზე ამ დრომდე არ დადასტურებულა.
19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა.
მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა.
სამხედრო მოქმედებების დაწყების დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ ჩაერთვებოდა შეიარაღებულ კონფლიქტში.
გასული 2 კვირის განმავლობაში ყარაბაღი თითქმის სრულად დაიცალა ეთნიკური სომხებისგან - გაეროს მისიის მონაცემებით ამ დროისთვის რეგიონში სულ ათასამდე ეთნიკური სომეხი რჩება.
3 ოქტომბერს ცნობილი გახდა, აზერბაიჯანელი ძალოვნების მიერ ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. 3 პრეზიდენტის დაკავების შესახებ. მანამდე აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვარზე რუბენ ვარდანიანი დააკავა - ვარდანიანი სომხური წარმომავლობის რუსი ოლიგარქია, რომელიც ყარაბაღში 2022 წლის ოქტომბერში გადავიდა და გარკვეულ პერიოდში ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტსაც იკავებდა.