არაბეთის გაერთიანებული საამიროები მზად არის გაზარდოს ნავთობის მოპოვება
არაბეთის გაერთიანებული საამიროები მზად არის გაზარდოს ნავთობის მოპოვება. მეტიც, საამიროები მოუწოდებენ OPEC-ის [ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების კარტელი] წევრ სხვა სახელმწიფოებს, თავადაც გაზარდონ ნავთობის მოპოვება.
ამის შესახებ აშშ-ში გაერთიანებული საამიროების ელჩმა, იუსეფ ალ ოტაიბამ განაცხადა.
"უკვე 50 წელია, რაც გაერთიანებული საამიროები ენერგომატარებლების სანდო და პასუხისმგებლობიანი მიმწოდებელია და გვჯერა, რომ ენერგეტიკული ბაზრისთვის და გლობალური ეკონომიკისთვის სტაბილურობა კრიტიკული მნიშვნელობისაა",- ნათქვამია ელჩის მიერ Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
უკვე რამდენიმე კვირაა აშშ ცდილობს დაითანხმოს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანება ნავთობის მოპოვების ზრდაზე, რაც თავის მხრივ დაასტაბილურებს ნავთობის ძალიან მაღალ და მზარდ ფასებს.
აშშ-ის მოწოდების მიუხედავად, OPEC ამ დრომდე უარზეა გაზარდოს მოპოვება და ინარჩუნებს თავდაპირველ გეგმას, რომლის მიხედვითაც ყოველთვიურად მოპოვება 400 დღეში ათასი ბარელით გაიზრდება.
არაბეთის გაერთიანებული საამიროები კარტელის პირველი წევრია, რომელიც თანახმაა აშშ-ის წინადადებაზე. სავარაუდოა, რომ მოპოვების ზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კრიტიკული იქნება კიდევ ერთი არაბული მონარქიის და კარტელის დე-ფაქტო ლიდერის, საუდის არაბეთის პოზიცია, რომელიც ამავდროულად რეგიონში აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია.
საუდის არაბეთი ამ დრომდე არ თანხმდება ნავთობის მოპოვების გაზრდას.