არესტოვიჩი აზოვსტალზე: მიხვდნენ, რომ ფიზიკურად ვერ იღებდნენ
რუსეთის საოკუპაციო ჯარებს არ შეუძლიათ დაიკავონ აზოვსტალის ქარხანა მარიუპოლში, რასაც მოწმობს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანება ქარხანაზე შეტევის გაუქმების შესახებ. ეს მოსაზრება 21 აპრილს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გამოთქვა.
"დილას პუტინმა და შოიგუმ შეხვედრა გამართეს და საჯაროდ განაცხადეს, რომ მარიუპოლი აიღეს და რუსეთი შტურმით არ შეიჭრება აზოვსტალში. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, აზოვსტალის ნანგრევებზე რთული ბრძოლები უნდა გამართულიყო. პუტინმა "რუსი ჯარისკაცების მიმართ ყურადღება გამოიჩინა"... ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ აზოვსტალის აღება. ისინი ამას მიხვდნენ. იქ მათ დიდი დანაკარგი ჰქონდათ. ჩვენი დამცველები აგრძელებენ ქარხნის დაცვას", - თქვა არესტოვიჩმა.
მან ასევე თავდასხმაზე უარი იმით ახსნა, რომ რუსეთის ფედერაციამ "თავისი ჯარების ნაწილი ჩრდილოეთით გადაიყვანა იქ ძალების გასაძლიერებლად".
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის "გამარჯვების წინასწარ გამოცხადება" მარიუპოლში, აღდგომამდე და 9 მაისამდე გვიჩვენებს, რომ "რუსებმა გააცნობიერეს თავიანთი ბოლო აქტიური ოპერაციის უშედეგობა ომის ამ ეტაპზე".
პუტინმა შოიგუს 21 აპრილს აზოვსტალის ქარხნის ინდუსტრიულ ზონაზე თავდასხმის გაუქმება უბრძანა. გამოქვეყნებულ ვიდეოში კრემლის ხელმძღვანელმა თქვა, რომ "არ არის საჭირო ამ კატაკომბებში შესვლა და მიწისქვეშეთში ამ სამრეწველო ობიექტების გასწვრივ სეირნობა". ამავდროულად, თავად შოიგუმ პუტინს განუცხადა, რომ მარიუპოლი "განთავისუფლებულია", მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარებმა აზოვსტალი ვერ აიღეს.