არგენტინამ უკრაინას რუსეთში შეძენილი ვერტმფრენები გადასცა - Financial Times

არგენტინამ უკრაინას გადასცა ორი მრავალფუნქციური ვერტმფრენი Mi-171E, რომლებიც თავდაპირველად რუსეთიდან შეიძინა.

ამ ინფორმაციას Financial Times 29 თებერვალს ავრცელებს.

ვერტმფრენების მიწოდება პირადად დაამტკიცა არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ.

გამოცემა წერს, რომ მილეი მხარს უჭერს კავშირებს ქვეყნებთან, რომლებიც აფასებენ თავისუფლებას, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და უკრაინასთან.  

შეთანხმების დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა.

არგენტინამ ვერტმფრენები რუსეთიდან სატრანსპორტო მისიებისთვის და ანტარქტიდაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისთვის შეიძინა. თუმცა, იმის გამო, რომ ვერტმფრენებმა არ გაიარეს პერიოდული ინსპექტირება და ტექნიკური მომსახურება - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამო - არგენტინამ გადაწყვიტა მათი ოპერირება შეეჩერებინა.

მანამდე მილეიმ განაცხადა, რომ გეგმავს უმასპინძლოს "ლათინურ ამერიკაში უკრაინის მხარდამჭერების სამიტს" 2024 წელს. მისი პოზიცია განსხვავდება ლათინური ამერიკის სხვა ლიდერებისგან, როგორებიცაა ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა და მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი.

2023 წლის 22 ნოემბერს მილეის სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომლის დროსაც მან სამიტის ჩატარება შესთავაზა ლათინურ ამერიკაში უკრაინის ომის განსახილველად.

2023 წლის 10 დეკემბერს ზელენსკი ბუენოს აირესში მილეის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.

მსგავსი სიახლეები