აშშ-ში ისრაელის მხარდაჭერა შემცირდა, უმრავლესობა ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს

ამერიკის შეერთებულ შტატების მოსახლეობაში 1 თვის წინ ჩატარებულ კვლევებთან შედარებით ისრაელის მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდა, უმრავლესობა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას.
ამის შესახებ Reuters-ის მიერ Ipsos-ისთვის დაკვეთილი კვლევის შედეგებიდან ხდება ცნობილი.
კვლევა, რომლის ფარგლებშიც ათასზე მეტი ამერიკელი გამოკითხეს და რომელიც 14 ნოემბერს დაიხურა აჩვენებს, რომ აშშ-ს მიერ ისრაელის მხარდაჭერის გაგრძელებას 32% ემხრობა, რაც 9%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე 12 ოქტომბერს ჩატარებული კვლევის დროს.
პარალელურად 27%-დან 39%-მდე გაიზარდა იმ ამერიკელების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი ქვეყანა მიმდინარე კონფლიქტში ნეიტრალური უნდა იყოს.
კონტექსტი
კვლევა შედეგები ნაწილობრივ ასახულია პოლიტიკოსთა რიტორიკაში - გასულ კვირებში ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის მასობრივი დაბომბვების შედეგად დემოკრატიული პარტიის ლიდერების ისრაელის მხარდამჭერი განცხადებების ტონი შესამჩნევად შერბილდა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68% ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს. საყურადღებოა ისიც, რომ ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს რესპუბიკური პარტიის მხარდამჭერთა ნახევარი და დემოკრატიული პარტიის მომხრეთა დაახლოებით 67%.
ცეცხლის შეწყვეტისა, თუ ჰუმანიტარულ პაუზების მოწოდებები ისმის აშშ-ს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, თუმცა მძევალთა გათავისუფლების გარეშე ისრაელის მთავრობა გამორიცხავს მნიშვნელოვან ცვლილებებს ოპერაციის მსვლელობაში.
ისრაელის მთავრობისთვის შესაძლოა განსაკუთრებით საყურადღებო იყოს ის, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 32% ემხრობა აშშ-ს მიერ ისრაელისთვის შეიარაღების გაგზავნას, ხოლო 43% წინააღმდეგია. შედარებისთვის უკრაინისთვის შეიარაღების გაგზავნის მომხრეთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 41%-ია.
ისრაელზე მზარდი პოლიტიკური წნეხის შესახებ განაცხადა ცოტა ხნის წინ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ელი კოენმა - "ღაზაში მიმდინარე ოპერაციისთვის დიპლომატიური ფანჯარა 2-3 კვირაა, ამის შემდეგ პარტნიორების წნეხი გაიზრდება."