აშშ ასანჟის ექსტრადიციაზე ბრიტანეთის უარს გაასაჩივრებს
აშშ-ს მთავრობა დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოს ქვედა ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად მიმართავს, რომელმაც „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ექსტრადიციაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
იანვარში გამოტანილ გადაწყვეტილებაში მოსამართლე ვანესა ბარაიტსერმა ავსტრალიის მოქალაქე ასანჟის ექსტრადიცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო მიზანშეუწონლად მიიჩნია.
მოსამართლის თქმით, შესაძლოა ამერიკული სასჯელაღსრულების დაწესებულების მკაცრმა რეჟიმმა ასანჟს თვითმკვლელობისგენ უბიძგოს. მიუხედავად ამისა, ბარაიტსერმა უარყო დაცვის მხარის არგუმენტი, რომ ასანჟის წინააღმდეგ საქმე „პოლიტიკურად მოტივირებული“ იყო და განაცხადა, რომ ამერიკაში მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვეოდა.
ამერიკელმა სამართალდამცავებმა ასანჟს ბრალი ჯაშუშობის 17 მუხლით წაუყენეს, რაც 175 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს ბრალი ათასობით გასაიდუმლოებული სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტის გასაჯაროებაში ედება.
50 წლის ასანჟი ლონდონის პოლიციამ 2019 წლის აპრილში დააკავა. მანამდე, შვიდი წლის განმავლობაში, ასანჟი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობდა პოლიტიკური დევნილის სტატუსით.