აშშ გეგმავს პოლონეთს HIMARS, ATACMS, ჯამში $10 მილიარდის შეიარაღება მიჰყიდოს
შეერთებულმა შტატებმა პოლონეთს წინასწარი თანხმობა მისცა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვაზე, მათ შორის, HIMARS-ის სარაკეტო სისტემებზე და მის საბრძოლო მასალაზე.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.
პოლონეთის მოთხოვნა იყო HIMARS-ისთვის 18 M142 გამშვების; 468 დატენვის მოდულის; 45 არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის და სულ 1514 სხვადასხვა მოდიფიკაციის GMLRS რაკეტის შეძენა.
პოლონურმა მხარემ ასევე შეერთებულ შტატებს რაკეტების, დამხმარე აღჭურვილობის, საკომუნიკაციო აღჭურვილობის, სათადარიგო და სარემონტო ნაწილების და სხვა დაკავშირებული აღჭურვილობის მომზადება სთხოვა.
"შემოთავაზებული გაყიდვა გააძლიერებს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს ნატოს წევრის უსაფრთხოების გაძლიერებით, რომელიც არის ევროპაში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის მამოძრავებელი." - ნათქვამია განცხადებაში.
ხაზგასმულია, რომ შესყიდვა არ შეცვლის რეგიონში არსებულ "ძირითად სამხედრო ბალანსს" და არ მოახდენს უარყოფით გავლენას აშშ-ს თავდაცვით შესაძლებლობებზე.