აშშ-მ ბოსნიელ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა
6 ივნისს აშშ-მ სანქციები დაუწესა ბოსნია-ჰერცეგოვინის მაღალჩინოსნებს, რომლებიც, ამერიკის ხაზინის განცხადებით, „საფრთხეს უქმნიან რეგიონში სტაბილურობას“.
შეზღუდვები რესპუბლიკის შემადგენელი ბოსნიურ-ხორვატული ერთეულის, ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციის პრეზიდენტ მარინკო კავარას შეეხო, რომელიც ხორვატ ნაციონალისტთა პარტიას წარმოადგენს.
კავარა 2019 წლის შემდეგ უარს ამბობს უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენაზე, რითაც „დემოკრატიულ პროცესს“ აზიანებს, ნათქვამია განცხადებაში.
სანქციები გავრცელდა ალენ სერანიჩზეც, რომელიც რესპუბლიკა სრპსკას (სერბული ერთეული) ჯანდაცვის მინისტრია.
სერანიჩს ბრალი ედება სერბი ნაციონალისტი ლიდერის, მილორად დოდიკის მხარდაჭერაში, რომელიც სეცესიონისტურ კურსს ატარებს.
ხაზინის თქმით, სანქცირებული პირები დეიტონის სამშვიდობო პაქტს „უთხრიდნენ ძირს“, რომელმაც ბოსნია-ჰერცეგოვონაში 1992-95 წლების სამოქალაქო ომი დაასრულა.