აშშ-მ ბოსნიელი სერბების ლიდერს სანქციები დაუწესა

 

აშშ-ს ხაზინამ ბოსნიელი სერბების ლიდერს, მილორად დოდიკს ახალი სანქციები დაუწესა.

„დოდიკის კორუმპირებული ქმედებები და მისი მცდელობა, ძირი გამოუთხაროს დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებას...საფრთხეს უქმნის ბოსნია-ჰერცეგოვინის და მთელი რეგიონის სტაბილურობას“, - ნათქვამია ხაზინის განცხადებაში.

ფინანსური სანქციები დოდიკს აშშ-ს იურისდიქციაში მყოფ ქონებასა და კაპიტალზე წვდომას შეუზღუდავს.

„სანქციები ხვალაც რომ მომიხსნან, ამერიკული ვიზის აღებას მაინც არ ვაპირებ“, - განაცხადა დოდიკმა შეზღუდვების დაწესების საპასუხოდ.

დოდიკი თვლის, რომ ამერიკული სანქციები ბოსნიელ სერბებს „ჭეშმარიტ მეგობრებთან“ - რუსეთთან და ჩინეთთან - უფრო აახლოებს. 

დოდიკი, რომელიც 2018 წელს ბოსნია-ჰერცეგოვინის სამწევრიანი საპრეზიდენტო საბჭოს წევრად აირჩიეს, სერბული ოლქის ავტონომიის გაფართოებას და ფედერალური მმართველობის შესუსტებას ცდილობს.

გასულ წელს ბოსნიელი სერბების ლიდერი ფედერალური სტრუქტურებიდან - როგორიცაა არმია, უსაფრთხოების ძალები, საგადასახადო და სასამართლო სისტემა - გამოსვლით დაიმუქრა.

აშშ-მ დოდიკს პირველად სანქციები 2017 წელს დაუწესა, როცა იგი დეიტონის შეთანხმების გადასინჯვას მოითხოვდა.

1995 წელს დადებული დეიტონის შეთანხმებით, რომელმაც ბოსნიის სამოქალაქო ომი (1992-1995) დაასრულა, ქვეყანაში ორი ტერიტორიული სუბიექტი - რესპუბლიკა სრპსკა და ბოსნიურ-ხორვატული ფედერაცია შეიქმნა.

2021 წლის ნოემბერში ბოსნია-ჰერცეგოვინაში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ქვეყანაში საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესმა დესპანმა განაცხადა, რომ დოდიკის სეპარატისტული ქმედებები ბოსნიაში მყიფე მშვიდობას საფრთხეს უქმნიდა.

 

ვრცლად:

 

 

მსგავსი სიახლეები