მოკლედ მოყოლილი | აურზაური სერბების გამო. რა ხდება ბოსნიაში?

 

ბოსნიაში საერთაშორისო საზოგადოების მთავარმა დესპანმა განგაშის ზარებს შემოჰკრა.

ქრისტიან შმიდტი, ბოსნია-ჰერცეგოვინაში უმაღლესი წარმომადგენელი (High Representative), მრავალეთნიკურ ბალკანურ ქვეყანაში კონფლიქტის ხელახალი გაღვივების საფრთხეზე საუბრობს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის სამმხრივი მმართველი ორგანო სერბმა წევრმა დატოვა.

 

გავიხსენოთ ისტორია: ბოსნიის სისხლიანი ომი 1995 წელს დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა, რომელიც ერთიანი ცენტრალური ხელისუფლების ქვეშ ორი ტერიტორიული ერთეულის - რესპუბლიკა სრპსკას და ბოსნიურ-ხორვატული ფედერაციის - შექმნას ითვალისწინებდა.

  • სტაბილური მშვიდობის უზრუნველსაყოფად, დეიტონის შეთანხმებით რამდენიმე საერთაშორისო მექანიზმი შეიქმნა, რომელიც დღეს ევროკავშირის სამშვიდობო ძალების მისიას და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისს აერთიანებს.

 

ვინ ამღვრევს წყალს? ცოტა ხნის წინ ბოსნიელი სერბების ლიდერმა მილორად დოდიკმა დაიმუქრა, რომ რესპუბლიკა სრპსკა ცენტრალურ ხელისუფლებას გაემიჯნება და საერთო საგადასახადო, სასამართლო და თავდაცვის სტრუქტურებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. სანაცვლოდ, დოდიკმა ბოსნიელ სერბთა არმიის აღდგენა დააანონსა.

  • თუ დოდიკი დანაპირებს აასრულებს, ეს რესპუბლიკა სრპსკას ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობიდან გასვლის ტოლფასი იქნება - ამ ფაქტის ოფიციალურად გამოცხადების გარეშე, თვლის შმიდტი.
  • დოდიკს ფეთქებადსაშიში რიტორიკისთვის ადრეც მიუმართავს, თუმცა ახლა მისი სიტყვები მეტი სერიოზულობით უნდა მივიღოთ, ამბობს ბალკანეთის რეგიონის ანალიტიკოსი იასმინ მუიანოვიჩი.

 

ვინ უმაგრებს ზურგს დოდიკს? ბოსნია-ჰერცეგოვინის ცენტრალური ხელისუფლების დასუსტება რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც ბოსნიელი სერბებს მფარველობს.

  • დოდიკის მტკიცება, რომ რესპუბლიკა სრსპკას რეგიონულ პარლამენტს ეროვნული კანონმდებლობის გადასინჯვა შეუძლია, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემურია. „ასეთი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება“, - წერს მუიანოვიჩი.
  • კრემლი იმუქრება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ევროკავშირის სამშვიდობო მისიის გაგრძელებას ვეტოს დაადებს, თუ მხარეები უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის გაუქმებაზე არ შეთანხმდებიან.
  • კრემლმა შმიდტის უწყებას ყოველწლიური ანგარიშის უშიშროების საბჭოზე განხილვაზეც უკრა ხელი.

 

ფართო სურათი საერთაშორისო საზოგადოების პასუხი დოდიკის აგორებულ კრიზისზე ჯერჯერობით მხოლოდ რიტორიკით შემოიფარგლება, ამბობს მუიანოვიჩი და აშშ-ს და ევროკავშირს, დეიტონის შეთანხმების მთავარ გარანტორებს, ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფაში სდებს ბრალს.

  • ანალიტიკოსის აზრით, თუ აშშ და ევროკავშირი ბოსნიის კრიზისს თავის ნებაზე მიუშვებენ, არეულობა ბალკანეთის მთელ ნახევარკუნძულს მოედება.
  • „არ მგონია, რომ ევროპას კიდევ ერთი ასეთი თავისტკივილის გამკლავების თავი აქვს“, - დასძენს მუიანოვიჩი.

 

მომზადებულია axios.com-ზე დაყრდნობით

მსგავსი სიახლეები