აშშ-მ უკვე 4 ათასზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა

ამერიკელი სამხედრო ინსტუქტორებისგან წვრთნა უკვე მიიღო 4 ათასზე მეტმა უკრაინელმა სამხედრომ. 

ამის შესახებ კონგრესში აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დუგლას სიმსმა განაცხადა. 

სიმსის ცნობით ამერიკელი ინსტრუქტორები უკრაინელ სამხედროებს წვრთნიან როგორც ევროპის, ასევე უშუალოდ აშშ-ს ტერიტორიაზეც, სადაც უკრაინელები Patriot-ის სისტემებს ითვისებენ. 

სიმსი ამბობს, რომ Patriot-ის პირველი ბატარეისთვის საკმარისი რაოდენობის სპეციალისტების წვრთნა უახლოეს მომავალში დასრულდება - "ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინელი სამხედროები Patriot-ის სისტემებს ისევე ეფექტურად გამოიყენებენ, როგორც უკვე მათ განკარგულებაში არსებული საჰაერო-თავდაცვის სისტემებს იყენებენ."

კონტექსტი

18 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე აშშ-ს გაფართოებული პროგრამის ფარგლებში პირველი უკრაინული ბატალიონის წვრთნის პროცესი დასრულდა

აღნიშნული პროგრამა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის დონეზე, სხვადასხვა დანაყოფების ერთიან წვრთნას გულისხმობს. მათ შორის უკრაინელმა სამხედროებმა უკვე გაიარეს წვრთნები ამერიკული წარმოების Bradley-ის ტიპის ქვეითთა ჯავშანმანქანებზე, რომლებსაც უკრაინა მალე მიიღებს. 

პირველი უკრაინული ბატალიონის წვრთნა გაფართოებული პროგრამის ფარგლებში იანვარში დაიწყო და 5 კვირას გაგრძელდა. 

ამ დრომდე აშშ უკრაინელ ჯარისკაცებს ძირითადად მათ მიერ გადაცემული სისტემების გამოყენებას ასწავლიდა, ბატალიონების დონეზე წვრთნების დაწყება აშშ-ს სამხედრო დახმარების მნიშვნელოვან გაფართოებას წარმოადგენს. 

 

მსგავსი სიახლეები