აშშ-მა ჰუსიტებს ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიაჭა

იემენელი ჰუსიტების დაჯგუფება ანსარ ალაჰს აშშ-მა "უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის" სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურმა 4 მარტს განაცხადა.

დონალდ ტრამპის 22 იანვრის შესაბამისი ბრძანება ძალაში შევიდა.

როგორც განკარგულების ტექსტშია ნათქვამი, 2023 წლიდან ჰუსიტები, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მხარდაჭერით, ათეულობით თავდასხმის ავტორები იყვნენ ამერიკის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდებზე, ასევე "2014-2015 წლებში ჰუსიტებმა მრავალი თავდასხმა განახორციელეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის საუდის არაბეთის სამოქალაქო აეროპორტებზე. 2022 წლის იანვარში კი თავს დაესხნენ არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, ასევე 2023 წლის ოქტომბრიდან ისრაელის მიმართულებით 300-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს."

აშშ-ის მონაცემებით, 2023 წლიდან, ჰუსიტები ასზე მეტჯერ დაესხნენ თავს სავაჭრო გემებს წითელ ზღვასა და ადენის ყურეში.

"ჰუსიტების ქმედებები საფრთხეს უქმნის ამერიკის მშვიდობიანი მოსახლეობისა და პერსონალის უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი უახლოესი რეგიონალური პარტნიორების უსაფრთხოებას და გლობალური საზღვაო ვაჭრობის სტაბილურობას," - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზში.

პრეზიდენტობის პირველ წელს ჯო ბაიდენმა ჰუსიტები ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო. ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში მათი ყოფნა იემენში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას აფერხებდა.

მსგავსი სიახლეები