აშშ-მა ირანი გააფრთხილა: ისრაელს ვერ შევაკავებთ, თუ თქვენ თავს დაესხმებით
შეერთებულმა შტატებმა ბოლო დღეებში ირანი ისრაელზე მორიგი თავდასხმის შესახებ გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ვერ შეაკავებს ისრაელს, თუ ის საპასუხოდ შეუტევს.
ამის შესახებ შაბათს Axios ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსანზე და ისრაელის მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
"ჩვენ ვუთხარით ირანელებს: ჩვენ ვერ შევძლებთ ისრაელის შეკავებას და ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ შემდეგი თავდასხმა იქნება მცირე მასშტაბის და მიზანმიმართული, როგორც წინა," - თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
გამოცემის მიერ ციტირებული ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ შეტყობინება პირდაპირ ირანელებს გადაეცათ, თუმცა ისრაელური წყაროს თქმით, შეტყობინება თეირანს შვეიცარიელი შუამავლების მეშვეობით გადაეცა.
ვაშინგტონი და თეირანი გავრცელებულ ცნობაზე კომენტარს არ აკეთბენ, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირანის უზენაესი ლიდერი ისრაელსა და აშშ-ს "გამანადგურებელი პასუხით" დაემუქრა.
ირანის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად იმუქრებიან ისრაელზე მორიგი დარტყმით, იერუსალიმის მიერ 26 ოქტომბერს ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმის საპასუხოდ, რომლის სამიზნეც საჰაერო თავდაცვის სისტემები, სამხედრო ბაზები და ბალისტიკური რაკეტების მწარმოებელი ობიექტები იყო. ირანის თქმით, თავდასხმისას სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდასხმას წინ უძღოდა ირანის მიერ 1 ოქტომბერს 200-მდე ბალისტიკური რაკეტით ისრაელზე თავდასხმა, რის შედეგადაც მცირედი ზიანი მიიღეს სამხედრო ბაზებმა და ზოგიერთმა საცხოვრებელმა ზონამ, ასევე დაიღუპა პალესტინელი მამაკაცი დასავლეთ სანაპიროზე.
ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა Kan-მა შაბათს დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ დააფიქსირა "საწყისი მოძრაობები," რომლებიც მიუთითებენ, რომ ირანი ემზადება საპასუხო თავდასხმისთვის, ჯერ არ არსებობს მკაფიო ნიშნები, თუ როდის და როგორ მოხდება ეს.
ამავდროულად, ისრაელის მე-12 არხი წერს, რომ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურები თვლიან, რომ შესაძლოა ირანი ისრაელს თავს ერაყსა და იემენში შიიტური დაჯუფებების მეშვეობით დაესხას. გამოცემა წერს, რომ უსაფრთხოების სამსახურების მაღალჩინოსნები იმუქრებიან, რომ ნებისმიერ თავდასხმას მკაცრად უპასუხებენ, საიდანაც არ უნდა განხორციელდეს ის.