ამერიკამ უკრაინას შესაძლოა კასეტური მასალით აღჭურვილი შორი დისტანციის რაკეტები გადასცეს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალით აღჭურვილი შორი დისტანციის რაკეტების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოსაა.
ამის შესახებ 11 სექტემბერს Reuters-ს ოთხმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
გამოცემის წყაროების თქმით, კასეტური საბრძოლო მასალის წარმატების ნახვის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალით აღჭურვილი ATACMS-ის რაკეტების მიწოდების განხილვა დაიწყო, რომელსაც 306 კმ-მდე ფრენა შეუძლია.
დამტკიცების შემთხვევაში, რაკეტები უკრაინისთვის სწრაფად გადასაცემად მზად იქნება.
Reuters-ის ცნობით, ამჟამად უკრაინა შეიარაღებულია 155 მმ-იანი არტილერიით, რომლის ჭურვების მაქსიმალური სროლის მანძილიც 29 კმ-ია და რომლებსაც 48 კასეტური ფრაგმენტის გადატანა შეუძლიათ.
ასევე სარაკეტო სისტემებს, რომლებიც GMLRS რაკეტებებს 80 კმ მანძილზე ისვრიან და 300-ზე მეტი კასეტური ფრაგმენტი აქვთ შიგთავსში.
თუ უკრაინა ATACMS-ის რაკეტებს მიიღებს, მათი მოქმედების მაქსიმალური დიაპაზონი 300 კმ-ზე მეტია და ამ ტიპის რაკეტას 404-მდე კასეტური ფრაგმენტი გადააქვს.
ორმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ რადგან უკრაინის ბრძოლა რუსეთთან პროგრესის ნიშნებს ავლენს, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს უკრაინის შეიარაღებული ძალები გააძლიეროს.