აშშ მსოფლიოში რუს ჯაშუშებს ეძებს, რათა ისინი გერშკოვიჩში გაცვალოს - CNN
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ფიქრობს შეთავაზებებზე, რომლებიც მოსკოვს დაარწმუნებს, დაკავებული ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი და The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი გაათავისუფლოს. ამის შესახებ CNN 11 მაისს სამ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
მათი თქმით, ვაშინგტონს ამჟამად არ ჰყავს მაღალი რანგის რუსი აგენტები გაცვლისთის და ეს მათ აიძულებს დახმარებისთვის სხვა ქვეყნებს მიმართონ.
"ბაიდენის ადმინისტრაცია ფართო ქსელს კრავს და მიმართავს მოკავშირეებს, რომლებსაც რუსი ჯაშუშები ჰყავთ, რათა ნახონ, მზად არიან თუ არა გაცვლისთვის, როგორც პატიმრების გაცვლის უფრო დიდი პაკეტის ნაწილი", - აცხადებენ წყაროები.
გამოცემის ცნობით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ახლახან დააკავეს რუსი აგენტები, არის ბრაზილია, ნორვეგია, გერმანია და ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ქვეყანა.
გერმანიაში პატიმრობაშია დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი ვადიმ კრასიკოვი, რომელიც სამუდამო პატიმრობაშია. წყაროების მიხედვით, ის ლიდერობს იმ პატიმართა სიაში, რომელთა დაბრუნებაც რუსეთს სურს.
CNN ასევე ირწმუნება, რომ აშშ-ის ხელისუფლება იკვლევს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას მისი მოქალაქეების დაბრუნების სანაცვლოდ. არხის თანამოსაუბრეების თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები ახლა ცდილობენ გაარკვიონ, თუ რა "კრეატიული წინადადებები" დაეხმარებათ უელანისა და გერშკოვიჩის სახლში დაბრუნებაში.
კონტექსტი
ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი 2018 წლის დეკემბერში მოსკოვში დააკავეს და ჯაშუშობისთვის ბრალი წაუყენეს. გამომძიებლების თქმით, მან ФСБ-ს აქტიური ოფიცრისგან მეხსიერების ბარათი მიიღო, რუსული სპეცსამსახურების შესახებ საიდუმლო მონაცემებით. უილანმა განაცხადა, რომ მას ბარათი ჩაუდეს. 2020 წლის 15 ივნისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უელანი ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.
ივლისში, CNN-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის უელანში და ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრაინერში გაცვლა შესთავაზა. თუმცა, უელანი არ იყო 8 დეკემბრის გაცვლის ნაწილი.
ვიქტორ ბუტი 2008 წლის მარტში, ბანგკოკში დააკავეს, ორწლიანი სასამართლო პროცესების შემდეგ ამერიკაში მისი ექსტრადირება მოხდა, სადაც 2012 წელს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, კოლუმბიური დაჯგუფება FARC-ისთვის იარაღის დიდი პარტიის მიყიდვისთვის.
30 მარტს, რუსეთის ფედერაციის ФСБ-მ განაცხადა, რომ ეკატერინბურგში ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი დააკავა, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. რუსეთის დაზვერვის სამსახური ამტკიცებს, რომ ამერიკელი "საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მცდელობისას" დააპატიმრეს.
რუსმა ჟურნალისტმა დიმიტრი კოლეზევმა Telegram-ზე დაწერა, რომ გერშკოვიჩი ეკატერინბურგში ომისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების და "ვაგნერის" მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების რეკრუტირების აღსაწერად ჩავიდა.