აშშ პორტების განსაბლოკად უკრაინისთვის მოწინავე რაკეტების გადაცემას გეგმავს

აშშ უკრაინისთვის ტექნოლოგიურად მოწინავე საზღვაო თავდაცვის რაკეტების გადაცემას გეგმავს, რაც ქვეყანას შავი ზღვის პორტების განბლოკვაში უნდა დაეხმაროს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს

საუბარია Harpoon-ისა და NSM-ის [Naval Strike Missile] ტიპის ანტი-სახომალდო რაკეტებზე. ამ თემაზე კონსულტაციების მიმდინარეობა დაადასტურა წყაროებმა როგორც ბაიდენის ადმინისტრაციაში, ასევე, წარმომადგენელთა პალატაშიც.

ამ რაკეტების გადაცემას უკრაინელები დიდი ხანია ითხოვენ, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული წინააღმდეგობა არსებობს - კერძოდ, ამ ტიპის რაკეტები საზღვაო ბაზირების პრინციპზე მუშაობენ და მათი ჩაშვება ხმელეთიდან შეუძლებელია. 

აქედან გამომდინარე განიხილება რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, მათ შორის რაკეტებთან ერთად ამერიკული სამხედრო გემიდან მოხსნილი გამშვები სისტემის გადაცემაც. 

ორივე რაკეტა მოწინავე და ტექნოლოგიურად ყველაზე დახვეწილი რაკეტაა, რომელთა მოქმედების რადიუსიც 300 კილომეტრს აღწევს. 

ჰუდზონის სამხედრო ინსტიტუტის ექსპერტის, ბრაიან კლარკის თქმით, 12-დან 24-მდე ასეთი ტიპის რაკეტა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიცემს საშუალებას რუსული გემები სამიზნეში ამოიღოს და ოკუპანტების შავი ზღვის ფლოტს რეალური საფრთხე შეუქმნეს. 

რეალურად ასეთი ტიპის რაკეტების მიმართ რუსულ გემებს თავდაცვის მექანიზმი არ გააჩნიათ, რაც დიდი ალბათობით რუსეთს უბიძგებს მოხსნას უკრაინული პორტების ბლოკადა. 

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით, შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში ამ დრომდე რუსეთის შავი ზღვის პორტის 20-მდე ხომალდია.  

მსგავსი სიახლეები