Reuters: რუსული ნავთობის გაზრდილი იმპორტის გამო ინდოეთი სანქციების რისკის წინაშეა
რუსული ნავთობის იმპორტის გაზრდის გამო ინდოეთი სანქციების „გაზრდილი რისკის“ ქვეშ მოექცევა, წერს სააგენტო Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
8 მარტს აშშ-მ რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო გამოაცხადა.
წყაროს თანახმად, აშშ ახალი შემზღუდავი ზომების მიღებას აპირებს, რაც მესამე ქვეყნებს რუსული ნავთობის გაზრდილი მოცულობით შესყიდვას გაურთულებს.
ინდოეთი ნავთობის სიდიდით მესამე იმპორტიორი და მომხმარებელია.
იმ ფონზე, როცა რუსულ ნავთობზე უარს სულ უფრო მეტი დასავლური ქვეყანა ამბობს, 24 თებერვლის შემდეგ ინდოეთმა რუსეთისგან დისკონტირებულ ფასად 13 მილიონი ბარელი შეისყიდა.
შედარებისთვის, 2021 წლის განმავლობაში ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტი სულ 16 მილიონ ბარელს შეადგენდა.
ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ აშშ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის დაბალ ფასში შესყიდვას არ ეწინააღმდეგება, თუმცა „ადრინდელი და არა გაზრდილი მოცულობით“.
დღეს რუსეთი ნავთობის მსოფლიო ბაზრის 10 პროცენტს აკონტროლებს.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, სანქციების გამო რუსული ნავთობის ექსპორტი შესაძლოა დღეში სამი მილიონი ბარელით შემცირდეს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნავთობის ფასის დასასტაბილურებლად ამერიკა ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში დამატებით ერთი მილიონი ბარელის გაყიდვას აპირებს.
პარალელურად, ნავთობის ექსპორტის მოცულობის გასაზრდელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს OPEC-ის ნავთობ-კარტელთან.
28 მარტს ცნობილი გახდა, რომ სანქციების გაზრდილი რისკის გამო ჩინეთი რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციებს წყვეტს.