აშშ-ს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინელებმა Кинжал ჩამოაგდეს - CNN
ამერიკის შეერთებული შტატები ენდობა უკრაინის განცხადებას, რომ Patriot-ის სისტემით მათ ჰიპერბგერითი რაკეტა Кинжал ჩამოაგდეს.
ამის შესახებ CNN ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ Patriot-ის სისტემა წარმატებით უპირისპირდება ბალისტიკურ რაკეტებს, აქამდე უცნობი იყო რამდენად შეეძლო სისტემას ჰაერიდან გაშვებული ჰიპერბგერითი რაკეტების ჩამოგდება. წყაროს თქმით, უკრაინელების მიერ Кинжал-ის ჩამოგდებამ აჩვენა, რომ ეს სრულიად რეალისტურია და პენტაგონი ამას განიხილავს, როგორც მთავარ მოვლენას.
CNN-ის თანახმად, ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტების წარმოება ყოველთვის რთული ამოცანა იყო რუსეთისთვის და სანქციებმა ეს მხოლოდ გაართულა. მაგრამ გასულ კვირამდე რუსეთის გათვლა იყო, რომ თუ ის გამოიყენებდა ჰიპერბგერით ბალისტიკურ რაკეტას, რასაც ისროდა, ის აუცილებლად მიზანს მოხვდებოდა.
იმ ფაქტმა, რომ ჰიპერბგერითი რაკეტა უკრაინულმა ეკიპაჟმა ჩამოაგდო, რომელიც ოკლაჰომაში გაიწვრთნა და რომელსაც ბრძოლის ველზე ამერიკელი მრჩევლები არ ჰყავდა, პენტაგონი კიდევ უფრო გაახარა.
წყაროს ცნობით, რაკტის ჩამოგდებამ ასევე დიდი გაურკვევლობა შექმნა რუსეთისთვის. ჩნდება კითხვა, აქვს თუ არა უკრაინას მდგრადი შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს ჰიპერბგერით ბალისტიკურ რაკეტებს.