აშშ-ს გენშტაბი: ირანის ყუდსის ძალები ტერორისტების სიაში უნდა დარჩეს

აშშ-ს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ ირანის ელიტური სამხედრო დაჯგუფება ყუდსის ძალები ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან არ უნდა ამოიღონ.

ამერიკის ყველაზე მაღალი რანგის გენერალმა განცხადება სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე გააკეთა.

მანამდე, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ყუდსის ძალების აკრძალული ორგანიზაციების სიიდან ამოღების შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

ცოტა ხნის წინ ისრაელის პრემიერმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ირანი აშშ-სგან სლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ტერორისტების სიიდან ამოღებას მოითხოვს.

ბენეტს არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა ვაშინგტონი ირანის მოთხოვნაზე დათანხმებას.

უცხოური ორგანიზაციის ტერორისტების სიაში შეყვანის ან ამოღების გადაწყვეტილებას სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს პრეზიდენტის მითითებით.

ანალიტიკოსების აზრით, აშშ-მ მსგავსი ნაბიჯი შესაძლოა ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით გადადგას.

დასავლეთის და ირანის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები „ბოლო სტადიაშია“ და კომპრომისის მიღწევამდე „დღეებია დარჩენილი“.

გუშაგთა კორპუსი ირანის ელიტური სამხედრო დაჯგუფებაა, რომელიც 1979 წელს ირანის რევოლუციის შემდეგ აიათოლა ხომეინიმ დააფუძნა.

რევოლუციის გუშაგები ირანის ცენტრალური ხელისუფლებისგან ფართო ავტონომიით სარგებლობენ და საკუთარი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალები გააჩნიათ.


ბირთვული შეთანხმება, რომელიც თეირანის ატომური ამბიციების შეზღუდვას ისახავდა მიზნად, ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ 2015 წელს გაფორმდა აშშ-ს, ირანს, რუსეთს, ჩინეთს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის.

2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმებაში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა ირანისთვის ბირთვული კონტროლის უფრო მკაცრი მექანიზმების დაწესებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები