აშშ საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიურ შეთანხმებას მედიატორობს
ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეს შორის დიპლომატიურ შეთანხმების საკითხზე მედიატორობს - მოლაპარაკებების წარმატების შემთხვევაში შეთანხმება ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ავრცელებს.
საუბარია წითელ ზღვაში სტრატეგიული მდებარეობის კუნძულების საუდის არაბეთისთვის გადაცემის პროცესის დასრულებაზე. ამ კუნძულებზე სუვერენიტეტს ამ დრომდე ეგვიპტე ფლობს.
გამოცემის წყაროთების ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და კვლავ რჩება გადაუჭრელი და სენსიტიური საკითხები. არსებული ცნობებით, აშშ-ს სურს შეთანხმება პრეზიდენტ ბაიდენის ახლო-აღმოსავლურ ტურნემდე შედგეს.
პრეზიდენტი ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტების სერიას ივნისის ბოლოს დაიწყებს. საუბარია, რომ პრეზიდენტი სპეციალური ვიზიტით შესაძლოა საუდის არაბეთსაც ეწვიოს.
ტირანისა და სანაფირის კუნძულები სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტირანის სრუტეზე მდებარეობს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია აქაბას [იორდანია] და ეილათის [ისრაელი] პორტებიდან გამოსული გემებისთვის.
აღნიშნული კუნძულები საუდის არაბეთის მეფემ ეგვიპტეს 1950 წელს გადასცა, მოგვიანებით 1979 წელს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა კუნძულების დემილიტარიზაცია.
გამოცემის ცნობით, კუნძულების გადაცემის შეთანხმების დასრულება მხარეებს შორის კეთილსაიმედო ნდობის გარემოს შექმნის, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
იმავე კემპ-დევიდის შეთანხმებებით კუნძულზე მულტინაციონალური დანაყოფები პატრულირებენ, რომელთა მთავარი მიზანიც დემილიტარიზაციის პროცესის მონიტორინგია.
საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად 2017 წელს ეგვიპტის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა კუნძულების საუდის არაბეთისთვის გადაცემა, თუმცა პროცესის დასასრულებლად იმავე შეთანხმების თანახმად ისრაელის თანხმობაა საჭირო.
ამ დრომდე ისრაელი საერთაშორისო დანაყოფების მუშაობის გაგრძელებას ითხოვს, თუმცა ამ საკითხზე თანხმობა არ არსებობს. თეთრმა სახლიდან მედიაციას ბერტ მაკგურკი ხელმძღვანელობს.
მთავარი წინააღმდეგობის საკითხი საერთაშორისო დანაყოფების საკითხია - საუდის არაბეთი თანახმაა კუნძულები შეინარჩუნოს დემილიტარიზებულ მდგომარეობაში და საზღვაო ნავიგაციის თავისუფლება ყველა გემისთვის, თუმცა წინააღმდეგია საერთაშორისო ბრიგადების საქმიანობის გაგრძელების.
თავის მხრივ ისრაელი მზად არის განიხილოს საერთაშორისო ბრიგადების გაყვანის საკითხი, თუმცა სანაცვლოდ რაიმე ტიპის ალტერნატიულ შეთანხმებას ითხოვს, რომელსაც იგივე შედეგი ექნება.
თავის მხრივ თანხმობის სანაცვლოდ ისრაელი საუდის არაბეთს თხოვს მისცეს თავისი საჰაერო სივრცის უფრო დიდი ნაწილის გამოყენება, რომელიც დრამატულად შეამცირებს სამოქალაქო ფრენებს დროს ისრაელიდან ინდოეთში, ტაილანდსა და ჩინეთში.
გარდა ამისა ისრაელი საუდის არაბეთს თხოვს დაუშვას პირდაპირი ფრენები ისრაელის მუსლიმი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საუდის არაბეთში რელიგიური მიზნებით მიემგზავრებიან.
შეთანხმების წარმატების შემთხვევაში ეს აბრაამის შეთანხმების შემდეგ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი წარმატება იქნება. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიციირებული ე.წ. აბრაამის შეთანხმებების ფარგლებში ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა, მაროკომ.
თავის მხრივ აბრაამის შეთანხმებას მხარი დაუჭირა საუდის არაბეთმა, თუმცა შეთანხმებაში პირდაპირი მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები კრიზისულ პერიოდს განიცდის, რომლის დასარეგულირებლადაც ცოტა ხნის წინ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბარნსი სამეფოს ტახტის მემკვიდრეს შეხვდა.
უფრო მეტი ამ შეხვედრისა და ორი ქვეყნის ურთიერთობებზე წაიკითხეთ აქ.