CIA-ს დირექტორი საუდის არაბეთის ტახტის მემკივდრეს საიდუმლოდ შეხვდა - WSJ

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს [CIA] დირექტორი, უილიამ ბერნსი აპრილში საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.

სავარაუდოა, რომ შეხვედრის მიზანი ბოლო წლებში ბაიდენის ადმინისტრაციასა და საუდის არაბეთს შორის დაზიანებული ურთიერთობების გაუმჯებესება იყო.

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ცნობით, ბერნსისა და ბინ სალმანის შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში შედგა. სწორედ ამ ქალაქში გაატარა რამადანის თვე საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის დიდმა ნაწილმა.

უცნობია თუ კონკრეტულად რას ეხებოდა საუბარი, თუმცა სავარაუდოა, რომ უყურადღებოდ არ დარჩებოდა ნავთობის წარმოების გაზრდის საკითხი, რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში და ირანთან მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები. 

"კარგი საუბარი გამოვიდა, საგრძნობლად უკეთესი ტონი იყო, ვიდრე წინა შემთხვევებში",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

უილიამ ბერნსის ვიზიტი აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე ცუდ და დაძაბულ მომენტში შედგა. ურთიერთობები ბაიდენის ადმინისტრაციასა და სამეფოს შორის თავიდანვე დაიძაბა, ამის მიზეზად კი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატ ბაიდენის მიერ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე გაკეთებულ კომენტარებს მიიჩნევენ. 

2019 წელს ბაიდენმა ხაშოგის საქმეზე საუბრისას განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევისთვის საუდის არაბეთი უნდა გაირიყოს საერთაშორისო თანამეგობრობიდან. 

თავის მხრივ ბინ-სალმანი უარყოფს საქმეში რამენაირ ჩართულობას და ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანთან საუბარში განაცხადა, რომ ამ საკითხს განხილვა მეტჯერ აღარ სურდა. 

ამ დროიდან მოყოლებული პარტნიორებს შორის ურთიერთობები გართულდა - საუდის არაბეთმა უპასუხოდ დატოვა აშშ-ს ადმინისტრაციის თხოვნა ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით, რაც ისედაც მაღალი საერთაშორისო ფასების შემცირებას შეუწყობდა ხელს. 

ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ - საუდის არაბეთს არ დაუგმია რუსეთის აგრესია და თავი შეიკავა სანქციების დაწესებისგან. ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ საუდის არაბეთი უფრო ახლო კავშირებს დაამყარებს ჩინეთთან და რუსეთთან ან როგორც მინიმუმ ნეიტრალურ პოზიციებს დაიჭერს ვაშინგტონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე. 

უილიამ ბერნსი სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილი კადრია, მათ შორის გასულ წლებში ის იკავებდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს, ასევე, ის იყო აშშ-ს ელჩი რუსეთში. 

უილიამ ბერნსი თავისუფლად ფლობს არაბულს და აქვს სამუშაო გამოცდილება ახლო აღმოსავლეთში. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წლებში სწორედ ბერნსი იყო იმ საიდუმლო მოლაპარაკებების პროცესის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც საბოლოოდ 2015 წელს ირანთან ბირთვული შეთანხმებით დასრულდა. 

 

უილიამ ბერნსი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორად გასულ წელს დაინიშნა. ამ დროიდან მოყოლებული მან 15 ქვეყანაში იმოგზაურა, მათ შორის 2021 წლის აგვისტოში ბერნსი იმყოფებოდა ქაბულში, სადაც თალიბანის ერთ-ერთ ლიდერს შეხვდა. 

ბერნსის როლი და გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინის ირგვლივ დაწყებული ესკალაციის ფონზე 2021 წლის შემოდგომიდან. ცნობილია, რომ ნოემბერში ბერნსი საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც ვლადიმირ პუტინს უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში დასავლეთის სავარაუდო რეაქციაზე ესაუბრა. 

გარდა ამისა ცნობილია, რომ იანვარში ბერნსი ესტუმრა კიევსაც, სადაც უკრაინის პრეზიდენტს რუსეთის სამხედრო ოპერაციის გეგმა გააცნო

მსგავსი სიახლეები