საუდის არაბეთმა დარტყმა მიიტანა იემენში საამიროების მიერ მხარდაჭერილ ჯგუფზე
საუდის არაბეთის არმიამ საჰაერო დარტყმები მიიტანა სამხრეთ იემენში მოკალათებულ შეიარაღებულ სეპარატისტულ დაჯგუფებაზე, რომელსაც მხარს უჭერს არაბთა გაერთიანებული სამეფოები.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს - გადაწყვეტილება სპარსეთის ყურის 2 მეზობელ მონარქიას შორის იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომთან დაკავშირებით მზარდ განხეთქილაზე მეტყველებს.
- ერ-რიადს არ გაურვცელებია ოფიციალური კომენტარი საჰერო დარტყმებთან დაკავშირებით, თუმცა მოვლენას წინ უძღოდა საამიროების მიერ მხარდაჭერი ე.წ. სამხრეთი გარდამავალი საბჭოს (STC) ფორმირებების მიერ წამოწყებული იერიში ჰადრამავთის პროვინციაში.
- იერიშის ფარგლებში STC-ის ძალებმა შეტევა მიიტანეს საუდის არაბეთის მხარდაჭერილ იემენის ცენტრალური მთავრობის ძალებზე ასევე, ალ-მაჰრას პროვინციაში, რომელიც ომანს ესაზღვრება.
დაეწიე ამბავს: არაერთი კომენტატორის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამხრეთის გარდამავალი საბჭოს ძალები შეტევაში არაბთა გაერთიანებული მხარდაჭერის გარეშე წავიდოდნენ.
- STC-ის იერიშს ასევე წინ უძღოდა საუდის არაბეთის მმართველი პრინცის უკმაყოფილება სუდანში განვითარებული მოვლენებით, რაზეც მოჰამად ბინ-სალმანმა ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში გამართული ვიზიტის დროს საჯაროდაც განაცხადა.
- ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით შესაძლოა ეს 2 მოვლენა დაკავშირებული იყოს - მათი აზრით, სუდანში ე.წ. სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) მოქმედებებით უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვა უსიამოვნო სიურპრიზი იყო გაერთიანებული საამიროებისთვის და იემენში ახალი იერიშის დაწყებით ისინი მოჰამად ბინ-სალმანისთვის სიგნალის გაგზავნას ცდილობდნენ.
- სუდანში მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტში არაბთა გაერთიანებული სამეფოების ჩართულობა სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, რადგანაც სამეფოს მიერ მხარდაჭერილი ძალები ბოლო თვეების განმავლობაშ არაერთხელ ამხილეს გენოციდში - თავის მხრივ საამიროები უარყოფს, რომ RSF-ის შეიარაღებით ეხმარება.
- თავის მხრივ, საუდის არაბეთი სუდანში მიმდინარე კონფლიქტში მხარს ცენტრალური მთავრობის არმიას უჭერს.
სტრიქონებს შორის: საუდის არაბეთი გრძელი საზღვაო საზღვრის გათვალისწინებით სუდანს სამეფოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის საკითხად მიიჩნევს.
- თავის მხრივ სუდანი სტრატეგიული მნიშვნელობისაა რეგიონის საამიროებისთვისაც, რომელთა გავლენა რეგიონში სწრაფად იზრდება - საამიროებში მიაჩნიათ, რომ სუდანის ცენტრალური მთავრობის არმია ისლამისტი ექსტრემისტების მიერ არის ინფილტრირებული.
- იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში არაბთა გაერთიანებული საამიროები 2015 წელს საუდის არაბეთის მიერ ორგანიზებული კოალიციის ფარგლებში მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა ცენტრალური მთავრობა დაამხეს და დედაქალაქი სანაა დაიკავეს.
- საამიროები წლების განმავლობაში საუდის არაბეთის მთავარ კოალიციურ პარტნიორებად რჩებოდნენ, თუმცა ისინი მხარს სხვადასხვა ანტი-ჰუსიტურ დაჯგუფებებს უჭერდნენ, რომლებიც ეპიზოდურად ერთმანეთსაც უპირისპირებოდნენ.
- საამიროების პოლიტიკა 2019 წელს შეიცვალა, როდესაც სამეფომ იემენიდან თავისი სამხედროების გაყვანა დაიწყო.
ჩაშლილად: ქვეყნიდან ჯარების გაყვანის მიუხედავად საამიროები აგრძელებენ STC-ის ფინანსურ და სახმედრო დახმარებას, რომელიც ქვეყნის სამხრეთში დომინანტური დაჯგუფებაა.
- ზოგადად სამხრეთის გარდამავალი საბჭო ერ-რიადის მიერ მხარდაჭერილი ცენტრალური მთავრობის ნაწილია, თუმცა STC სამხრეთ იემენის დამოუკიდებლობას აღდგენას ითხოვს, როგორც ეს ქვეყნის გაერთიანებამდე, 1990-წლამდე იყო.
- გასულ კვირას საუდის არაბეთის მთავრობაში დაგმეს სამხრეთის გარდამავალი საბჭოს მოქმედებები და განაცხდეს, რომ ეს "საფრთხეს უქმნის იემენელი ხალხის მომავალს."
- ამავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ერ-რიადი "აგრძელებდა მუშაობას ახლო კოორდინაციაში "მოძმე არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან" და გამოთქმული იყო, იმედი რომ STC გაიყვანდა თავის ძალები ორივე პროვინციიდან.
- უკვე 27 დეკემბერს მსგავსი მოწოდებები გააჟღერა საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა, პრინცმა ხალიდ ბინ-სალმანმა.
- თავის მხრივ, აბუ-დაბიში განაცხადეს, რომ მათი ხედვა თანხვედრაში საუდის არაბეთთან, რაც კონფლიქტის პოლიტიკური გზებით გადაწყვეტას გულისხმობს.
კონტექსტი: არაბული მედიის ცნობით, სამხრეთ გარდამავალი საბჭოს აგრესიული ქმედების მიზეზი შესაძლოა ის ყოფილიყო, რომ ადგილობრივმა ფრაქციებმა პრაქტიკულად სრულად შეაჩერეს ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესი ჰადრამავთის პროვინციაში - რაც ქვეყნის სამხრეთში გამაგრებული დაჯგუფებისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა.
- ჰადრამავთი იემენის უმსხვილესი და ნავთობით ყველაზე დიდი პროვინციაა, რომელსაც ისტორიულად მყარი კავშირები აქვს საუდის არაბეთთან - აღნიშნულ პროვინციაში STC-ის იერიში ერ-რიადში აღქმული იქნა როგორც საფრთხე იემენში საუდის არაბეთის ინტერესებისთვის.
- კრიზისი სხვა მხრივ კულტურულად და ეკონომიკურად ახლო ყურის მონარქიებს შორის განხეთქილების საფუძველი გახდა - მკაფიო ხდება, რომ ერ-რიადი და აბუ-დაბი სუდანსა და იემენში მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტში ერთმანეთის მოწინააღმდეგე დაჯგუფბებს უჭერენ მხარს.