აშშ-ში რესპუბლიკელებს დრეგ-შოუებზე არასრულწლოვანთა დასწრების შეზღუდვა სურთ
აშშ-ს არაერთ შტატში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, შეიზღუდოს ისეთი დრეგ-წარმოდგენები, რომლებსაც არასრულწლოვნებიც ესწრებიან.
რესპუბლიკელთა აზრით, მსგავსი წარმოდგენები ბავშვებისთვის შეუფერებელ სექსუალურ თემატიკას შეიცავს.
დრეგ-წარმოდგენები ლგბტ+ კულტურის ნაწილია. როგორც წესი, წარმოდგენისას საპირისპირო გენდერის ტანსაცმელში ჩაცმული გამომსვლელი წინასწარ შერჩეულ მუსიკაზე ცეკვავს ან მღერის.
ამ ზომების მოწინააღმდეგეები კი ფიქრობენ, რომ მსგავსი ნაბიჯები ლგბტ+ თემის მიმართ დისკრიმინაციულია. ისინი აგრეთვე მიუთითებენ აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების შესაძლო დარღვევაზე, რომლითაც აშშ-ში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა დაცული.
ამჟამად, ამ მიმართულებით აშშ-ს 11 შტატში მზადდება კანონპროექტები, მაგრამ ჯერ-ჯერობით დამტკიცებული არცერთი მათგანია.
ტენესისა და არიზონაში კანონპროექტები გულისხმობს საჯარო საკუთრებაში "ზრდასრულთათვის განკუთვნილი კაბარე წარმოდგენების" შეზღუდვას, მათგან ბავშვების დაცვის მიზნით.
დასავლეთ ვირჯინიაში განიხილავენ ინიციატივას, რომლის თანახმადაც მშობლებს ან მეურვეებს, რომლებიც დრეგ-წარმოდგენებში მიიღებენ მონაწილეობას ან მათი შვილების დასწრებას დაუშვებენ, შტატი დაავალდებულებს, დაესწრონ აღზრდის კურსებს ან სხვადასხვა ფსიქოლოგიურ კონსულტაციას.
რესპუბლიკელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ დრეგ-წარმოდგენები თავისთავად ზრდასრულთათვისაა განკუთვნილი და ბავშვებისთვის საფრთხეს შეიცავს.
"როცა პატარა ბავშვი მიგყავს და დრეგ-შემსრულებლის, ქალად გადაცმული კაცის წინ აყენებ, როგორ გგონიათ, ეს ბავშვებს ეხმარება თუ საკუთარი გენდერის შესახებ დაბნეულობას უჩენს?", - თქვა არკანზასის შტატის სენატორმა, გარი სტაბლფილდმა, შტატის სენატში გამოსვლისას.
"ჩვენი კანონპროექტი დრაგ-წარმოდგენებს არ ეწინააღმდეგება, ბავშვებს იცავს", - უთხრა ტენესის შტატის სენატორმა, ჯეკ ჯონსონმა, CNN-ს - "ეს იგივეა, ბავშვს სტრიპტიზ-კლუბში შესვლა აუკრძალო."
ჯონსონის პრეს-მდივანი განმარტავს, რომ ტენესიში წარდგენილი კანონპროექტი ეხება მხოლოდ "აშკარა სექსუალური ხასიათის" შემცველ დრეგ-წარმოდგენებზე ბავშვების დასწრებას. მისი თქმით, სენატორს "არ აქვს პრობლემა დრეგ-წარმოდგენებისა და მათზე ბავშვების დასწრების მიმართ."
მონტანაში წარდგენილი კანონპროექტი კი პირდაპირ ისახავს მიზნად, ბავშვებს დრეგ-წარმოდგენებზე დასწრება შეეზღუდოთ. კანონპროექტი აკრძალავს, საჯარო დაფინანსების ბიბლიოთეკებსა და სკოლებში დრეგ-წარმოდგენები ჩატარდეს.
ბიბლიოთეკის ხსენება შემთხვევითი სულაც არაა - შარშან კალიფორნიაში, სან ლორენცოს ბიბლიოთეკაში, ჩაშალეს ღონისძიება, სადაც დრეგ-შემსრულებელი ბავშვებს წიგნს უკითხავდა.