აშშ ტაივანს 100 მლნ დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის

 

აშშ-ს მთავრობამ ტაივანისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიყიდვას მოაწერა ხელი.

პენტაგონის განცხადებით, ტაივანს Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემის განახლებაში დაეხმარებიან.

„განახლებული თავდაცვის სისტემა შემსყიდველ მხარეს უსაფრთხოების გაუმჯობესებაში დაეხმარება და რეგიონში პოლიტიკურ სტაბილურობას, სამხედრო ბალანსს და ეკონომიკურ პროგრესს შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შესყიდვის მთავარი კონტრაქტორები შეიარაღების მწარმოებელი მსხვილი ამერიკული კომპანიები, Raytheon Technologies-ი და Lockheed Martin-ია.

ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღების მიყიდვისთვის აშშ-ს მადლობა გადაუხადა.

„ჩინური სამხედრო ექსპანსიის და პროვოკაციული ქმედებების ფონზე ჩვენი ქვეყანა ეროვნული უსაფრთხოების დაცვას მტკიცე თავდაცვის სისტემით შეეცდება და ტაივანს და აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო პარტნიორობის გაღრმავებას გააგრძელებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ბოლო ხანებში ჩინეთი სულ უფრო ხშირად საუბრობს კუნძულზე - რომელსაც პეკინი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს - სამხედრო გზით კონტროლის დამყარების შესაძლებლობაზე.

პერიოდულად ტაივანის საჰაერო სივრცეში ჩინური ავიაცია დაფრინავს, რაც კუნძულს საზენიტო სისტემების მწყობრში მოყვანის და საჰაერო პატრულის გახშირებისკენ უბიძგებს.

აშშ, რომელიც ოფიციალურად „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის მიმდევარია და კუნძულის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში ტაივანის მჭიდრო მოკავშირედ ითვლება.

გასულ თვეში ამერიკაში ჩინეთის ელჩმა განაცხადა, რომ თუ აშშ ტაივანის სუვერენული ამბიციების მხარდაჭერას გააგრძელებს, ამან პეკინი და ვაშინგტონი შესაძლოა შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანოს.

მსგავსი სიახლეები