აშშ ცდილობს ევროპა დაითანხმოს გაყინული რუსული აქტივები ცალკე ანგარიშზე გადაიტანონ
მიმავალი ამერიკული ადმინისტრაცია ვადის ამოწურვამდე ცდილობს დაითანხმოს ევროპელი პარტნიორები გაყინული რუსული აქტივები ცალკე საბანკო ანგარიშზე გადაიტანონ, რაც რუსეთზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტი იქნება.
ინფორმაციას ამის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
საუბარია რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილ დაახლოებით 300 მილიარდ დოლარზე, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროპულ ბანკებში ინახება - ამერიკელები ცდილობენ დაარწმუნონ ევროპელები, რომ ძირითადი თანხა ცალკეულ საბანკო ანგარიშზე გადაიტანონ, რომელსაც რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, დიდი სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ მიიღებს.
რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები დასავლეთის სახელმწიფოებმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პასუხად დაბლოკეს.
"ეს იქნება მკაფიო გზავნილი კრემლისთვის: თუ კი თქვენი ფულის დაბრუნება გსურთ, სალაპარაკოდ უნდა დასხდეთ"- ამბობს გამოცემასთან საუბარში თეთრი სახლის მაღალჩინოსანი, რომელმაც საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ანონიმურად დარჩენა ისურვა.
CNN-ის ცნობით, ამ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკური გუნდის საკვანძო წარმომადგენლებთან, მათ შორის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ, მარკო რუბიოსთან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მომავალ მდივანთან, მაიკლ უოლცთან.
წყაროების ცნობით, ტრამპის გუნდში მხარს უჭერენ ამგვარ სტრატეგიას და მიაჩნიათ, რომ ძირითადი თახნის ცალკე საბანკო ანგარიშზე გადატანა რუსეთს მოლაპარაკებების წარმოებისთვის დამატებით "სტიმულს" მისცემს.
გამოცემის წყაროების ცნობით, იდეის მიმართ შედარებით სკეპტიკურად არიან განწყობილები ევროპელი სახელმწიფოები, რომლებიც ამგვარი გადაწყვეტილების სამართლებრივ რისკებზე მიუთითებენ.
კონტექსტი
ამერიკის შეერთებული შტატები უკვე თითქმის 2 წელია ცდილობს ევროპულ სახელმწიფოებს ამ მიმართულებით უფრო მტკიცე ნაბიჯებისკენ უბიძგოს.
გასულ წელს დასავლელ მოკავშირეებს შორის კომპრომისი შედგა, რომლის მიხედვითაც უკრაინა დიდი შვიდეულის ქვეყნებში გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული საპროცენტო სარგებელს მიიღებდა. საუბარია წლიურად დაახლოებით 5 მილიარდ დოლარზე.
კონსენსუსის ფარგლებში შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფა, რომლის ღირებულებაც გაყინული რუსული აქტივებისგან მომავალში მისაღები სარგებლიდან დაიფარება.
წყაროების ცნობით, ნაკლებად სავარუადოა, რომ ჯო ბაიდენის ვადის ამოწურვამდე მხარეები საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, სტრატეგიას მხარს უჭერს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და კანცლერობის მაღალი შანსის მქონე, ფრიდრიხ მერცი.
სწორედ ეს საკითხი უნდა ყოფილიყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გასულ კვირას იტალიის დედაქალაში გასამართ შეხვედრაზე, თუმცა კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრების გამო ბაიდენს ვიზიტის გადადება მოუწია.