აშშ უკრაინას $10 მილიარდის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) და სახაზინო დეპარტამენტთან ერთად, პარასკევს გამოაცხადა, რომ უკრაინას 10 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარება გადაეცემა.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვკითხულობთ.

თანხის უმეტესი ნაწილი, 9.9 მილიარდი აშშ დოლარი, უზრუნველყოფილია აშშ-ის მიერ გრანტების სახით, მსოფლიო ბანკის "ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების სახელმწიფო ხარჯების" მექანიზმით.

"ეს თანხა კრიტიკულია უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის დროს და უზრუნველყოფს უკრაინის მთავრობას გააგრძელოს თავისი მოქალაქეების გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილება, კერძოდ, ჯანდაცვის, განათლებისა და გადაუდებელი სერვისების მიწოდება", - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები კიდევ 250 მილიონ დოლარს გამოყოფს უკრაინის ენერგოსისტემის დასახმარებლად. თანხა მოხმარდება სკოლების მუშაობას, გენერატორებს საავადმყოფოებისთვის და სახლებისა და თავშესაფრების გათბობას მთელს უკრაინაში.

"ეს დახმარება ემატება იმ 270 მილიონ დოლარს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო გასული წლის განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

პარასკევს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომლის საერთო ღირებულებაც 2 მილიარდი დოლარია.

მსგავსი სიახლეები