აშშ უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს მიაწვდის
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ, 800 მილიონ დოლარიან პაკეტს მოაწერა ხელი.
დონბასში რუსული საოკუპაციო ძალების თავმოყრის ფონზე დასავლეთი უკრაინას დამატებით შეიარაღებას აწოდებს.
ახალი პაკეტი უკრაინისთვის სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გადაცემას ითვალისწინებს, მათ შორისაა:
- 11 Mi-17 ტიპის ვერტმფრენი, რომლებიც მანამდე აშშ-ს ავღანური მისიისთვის იყო განკუთვნილი
- 8 ჰაუბიცა და 40 000 ჭურვი
- 300 Switchblade ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი
- 500 ჯაველინის რაკეტა
- 200 M113 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა
- ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეებისგან დამცავი აღჭურვილობა
რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ჯამში ვაშინგტონმა კიევს 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.
ბაიდენის განცხადებით, აშშ ევროპელების მიერ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემაშიც მიიღებს მონაწილეობას.
გასულ კვირაში უკრაინისთვის გაგზავნილი S-300 საზენიტო კომპლექსის სანაცვლოდ სლოვაკეთმა ამერიკისგან Patriot-ის ტიპის სისტემები მიიღო.