აშშ უკრაინისთვის $2.6 მილიარდის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზდებს - Reuters
აშშ-მა შეიძლება მომავალ კვირას უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი, 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოაცხადოს. პაკეტი მოიცავს რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და საწვავის ტანკერებს.
ამის შესახებ Reuters წერს.
პაკეტი ორ ნაწილად იყოფა: პირველი, 2.1 მილიარდი დოლარი, ფინანსდება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივით, რომელიც იარაღს მწარმოებლებს ახალ შეკვეთებს აძლევს და უკრაინას იარაღს აშშ-ს სამხედრო მარაგებიდან არ აწვდის.
დარჩენილი 500 მილიონი დოლარი ძირითადად საბრძოლო მასალისთვისაა განკუთვნილი.
Reuters-ის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს მრავალფეროვან საბრძოლო მასალას, მათ შორის ტანკების ჭურვებს, თვითმფრინავების რაკეტებს, NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის საბრძოლო მასალას, ასევე საინჟინრო ტექნიკასა და საევაკუაციო მანქანებს.
გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ პაკეტის შინაარსი შეიძლება შაბათ-კვირას შეიცვალოს. მისი გამოცხადება ორშაბათს, 3 აპრილს იგეგმება.