აშშ ვიქტორ ორბანს შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დამტკიცებისკენ მოუწოდებს

ჯინ შაჰინმა, დემოკრატიული პარტიის სენატორმა ნიუ ჰემფშირის შტატიდან და ტომ ტილისმა, რესპუბლიკური პარტიის სენატორმა ჩრდილოეთ კაროლინადან უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მოუწოდეს, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინოს.

„უნგრეთი ნატოს უკანასკნელი წევრია, რომლის საკანონმდებლო ორგანოსაც შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია. დროც და მოთმინებაც იკლებს. უნგრეთის უმოქმედობა შეუქცევად ზიანს აყენებს მის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან“, - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.

ბენ კარდინმა, დემოკრატიული პარტიის სენატორმა მერილენდიდან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, უნგრეთს „ნატო-ს ყველაზე ნაკლებად სანდო წევრი“ უწოდა და აღნიშნული ქვეყნისთვის სანქციების დაწესების წინადადებაც გააჟღერა.

2023 წლის 25 სექტემბერს უნგრეთის პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნაზე ვიქტორ ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განხილვის დაწყებას არ ჩქარობს, რადგან შვედეთის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერას გამოხატავს.

„მე ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. დავადასტურე, რომ უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერს შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას. ასევე, ხაზი გავუსვი, რომ მოვუწოდებთ უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას, ხმა მისცეს შვედეთის გაწევრიანებას და რატიფიკაციის პროცესი პირველი შესაძლებლობისთანავე დაასრულოს“, - ვიქტორ ორბანი.

23 იანვარს თურქეთის პარლამენტმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა, ხოლო 25 იანვარს აღნიშნულ გადაწყვეტილებას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადეს და ნატო-ს წევრობის შესახებ განაცხადი შეიტანეს. ფინეთი ალიანსს 2023 წლის აპრილში შეუერთდა. 

მსგავსი სიახლეები