ATACMS თუ რუსული საზენიტო რაკეტა - რა მოხდა სევასტოპოლის პლაჟზე

სულ მცირე 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, დაიღუპა სევასტოპოლის პლაჟზე მომხდარი შემთხვევის დროს. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 124 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 27 ბავშვი. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმა ATACMS-ის ტიპის კასეტური საბრძოლო ნაწილიანი ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა. მათივე განცხადებით, უკრაინელების მხრიდან გაშვებული ოთხივე რაკეტა ჩამოგდებული იქნა. 

სევასტოპოლის ე.წ. ხელმძღვანელის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიერ ნასროლი საზენიტო რაკეტის ზემოქმედების შედეგად, ერთმა ATACMS-ის რაკეტამ ტრაექტორია იცვალა და მისი საბრძოლო ნაწილი ჰაერში, ქალაქის თავზე აფეთქდა. 

მიხალ რაზვოჟაევის განცხადებას და რაკეტის ნარჩენების ყურადღება მიაქციეს ორივე ქვეყნის სამხედრო ექსპერტებმა. 

„სევასტოპოლში, ვფიქრობ, აეროდრომს ურტყამდნენ. ATACMS-ები გამოიყენება ან აეროდრომზე განთავსებული ტექნიკის წინააღმდეგ [ATACMS-ები კასეტური საბრძოლო ნაწილით განსაკუთრებულად ეფექტურია აეროდრომზე განლაგებული საფრენი აპარატების წინააღმდეგ], ან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებებზე, C-300/C-400. ვფიქრობ, რაკეტა ან ჩამოაგდეს ან გაუმართავად იმუშავა. კასეტური რაკეტას პლაჟის თავზე რომ გამართულად ემუშავა, იქ  ასობით დაღუპული იქნებოდა, ATACMS-ი საშიში რამაა. არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის რაკეტა ჩამოვარდა“ - წერს Z-ბლოგერი საკუთარ ტელეგრამ არხზე. 

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, ოლექსანდრ ოვალენკო, ერთ-ერთი ტელეგრამ არხის მიერ გავრცელებული ფოტოს აქვეყნებს, სადაც, რაკეტის ნამსხვრევებია აღბეჭდილი და ამბობს, რომ იგი უფრო რუსულ საზენიტო რაკეტას ჰგავს, ვიდრე ATACMS-ს  - „ჯერ ადრეა დასკვნების გამოტანა, თუმცა, ფოტოს მიხედვით, ეს რაკეტა ნამდვილად არ არის ATACMS-ი, უფრო ჰგავს 3YP 9M330 3PK Top-M2-ს [იგულისხმება, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რაკეტა]. აღნიშნული სისტემის გამოყენება ბალისტიკური რაკეტების გადასაჭერად - უაზრობა და სისულელეა. თუ რაკეტა ვერ უმკლავდება დავალებას, მისი თვითლიკვიდაციის ფუნქცია მუშავდება“. 

აღნიშნულ ფაქტს მკაცრი გამოხმაურებები მოჰყვა რუსეთში. ოფიციალური მოსკოვი ბრალს აშშ-ს სდებს, რომელიც უკრაინას აღნიშნული რაკეტებით ამარაგებს. 

რუსული საინფორმაციო საშუალებების თანახმად, დღეს, აშშ-ს ელჩი რუსეთში, ლინ ტრეისი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

რუსულ ბრალდებებს ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილო პოდოლიაკი, რომელიც აცხადებს, რომ ყირიმი არ შეიძლება ჩაითვალოს სამშვიდობო ზონად, რადგანაც, ის ოკუპირებული ტერიტორიაა, რომელზეც ომი მიმდინარეობს.

“ყირიმში არ არის და შეუძლებელია იყოს რაიმე სახის “პლაჟები”, “ტურისტული ზონები” და სხვა სახის ფიქციური ნიშნები “მშვიდობიანი ცხოვრების”. ყირიმი - ეს რუსეთის მიერ უდავოდ ოკუპირებული ტერიტორიაა, სადაც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი ომი. ზუსტად ის ომი, რომელიც მხოლოდ გენოციდური და დაპყრობითი მიზნების გამო გააჩაღა რუსეთმა“ - და დასძინა, რომ ყირიმი, ეს დიდი სამხედრო ბანაკი და საწყობია. 

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთი, სამხედრო ობიექტებს ყირიმში სამოქალაქო ობიექტების სიახლოვეს განგებ ათავსებენ, რათა შებოჭონ უკრაინელები. 

ექსპერტები ანგარიშში წერენ, რომ სამხედრო ხელმძღვანელობამ არ უნდა განალაგოს სამხედრო ობიექტები მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ან მათ სიახლოვეს. 

ISW-ის მიხედვით, ინციდენტის შემდეგ, რუსი სამხედრო ბლოგერები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და "ადგილობრივ ხელისუფლებასაც" აკრიტიკებდნენ და ბრალს საკუთარი მოსახლეობის დაცვის უუნარობაში სდებენ.

უფრო კონკრეტულად კი, მოახლოებული რაკეტებისა და საკუთარი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მუშაობის პერიოდში, არ ჩართული საჰაერო განგაშის ხმა. 

"რუსეთის ხელისუფლება, ოკუპირებულ ყირიმში, საომარი მოქმედებების დროს, უპასუხისმგებლოდ ახალისებს ტურისტულ სეზონს და სამხედროები კი, აგრძელებენ ნახევარკუნძულის გამოყენებას, როგორც ზურგის პლაცდარმი" - ნათქვამია ანგარიშში.

კონტექსტი

უკრაინისთვის გადაცემული ATACAMS-ების მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრია, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ფრონტის ხაზიდან სიღრმეში განთავსებული მაღალი ღირებულების რუსული სამხედრო შეიარაღებასა და სამეთაურო პუნქტებზე წვდომა.

სამხედრო ექსპერტების ცნობით, უკრაინისთვის, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა ყირიმის ნახევარკუნძული, რომელიც რუსეთის არმიის არაერთ სტაციონარულ სამხედრო ობიექტს მასპინძლობს. 

 

მსგავსი სიახლეები