ათენში ევროკავშირის გაფართოების სამიტს საქართველოდან არავინ დასწრებია

ორშაბათს, 21 აგვისტოს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ინიციატივით ათენში ევროკავშირის გაფართოების არაფორმალური სამიტი გაიმართა.

ათენში ჩასულები იყვნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, შარლ მიშელი.

სამიტს ასევე დაესწრნენ სერბეთის, მონტენეგროსა და რუმინეთის პრეზიდენტები, კოსოვოს, ჩრდილო მაკედონიის, ბულგარეთისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები და ბოსნია-ჰერცოგოვინას მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელი.

ბალკანური ქვეყნების პირველი პირების გარდა, სამიტში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პრეზიდენტები - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინიდან და მაია სანდუ მოლდოვიდან.

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის "ასოცირებული ტრიოდან" ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის წარმომადგენელი სამიტს არ დასწრებია. ჯერ-ჯერობით უცნობია, რატომ არ ჩასულა ათენში საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი.

მოგვიანებით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვებ-გვერდზე სამიტის რვა პუნქტიანი დეკლარაციაც გამოქვეყნდა, სადაც ერთ-ერთ პუნქტში ვკითხულობთ:

"ჩვენ ვდებთ პირობას რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინასა და მოლდოვას, გადადგან შემდეგი ნაბიჯები [ევროკავშირში] შესვლის პროცესში, როგორც კი მორჩებიან აუცილებელ რეფორმებს".

სამიტის დეკლარაციაში საქართველო ნახსენები არ ყოფილა.

სამიტს არ დასწრებია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის, ალბანეთის პრემიერ-მინისტრიც. ოღონდ ამის მიზეზი ალბანეთში ეთნიკურად ბერძენი პოლიტიკოსის დაკავება იყო.

ბერძნებს სჯერათ, რომ ფრედი ბელერი, რომელმაც ციხიდან გაიმარჯვა ალბანეთის ქალაქ ჰიმარას მერის არჩევნებში, პოლიტიკური მიზეზითაა დაპატიმრებული და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.

"მჯერა, ყველას გვესმის, რომ ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე ბ-ნი რამას [ალბანეთის პრემიერი] მოწვევა შეუძლებელი იყო", - განაცხადა საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა.

მანვე დასძინა, რომ სამიტზე მიწვეული იყო ალბანეთის პრეზიდენტი, მაგრამ მან თავად თქვა უარი მონაწილეობაზე.

 

მსგავსი სიახლეები