ავაკოვი "აზოვის" მეთაურს: შენ და შენმა ვაჟკაცმა ძმებმა გაიმარჯვეთ

უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ფესბუქზე აზოველებისადმი და პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოსადმი მიმართვას აქვეყნებს.

"დენისს.

არ ვიკავებ თავს. რთული დღეებია. დავწერ.

ეს ფოტო გუშინ არ არის გადაღებული, სამწუხაროდ… ეს არის 2019 წლის ოქტომბერი. სწავლებები, საველე ბანაკი "აზოვი" ურზუფთან.

დენის პროკოპენკო, პოლკის მეთაური და უკრაინის გმირი, ახლა მთელ ქვეყანაში ცნობილია. დამსახურებულად. ფოლადი და მამაცი მეომარი.

მაგრამ ისიც კაცია - ახალგაზრდა კაცი, რომელიც 30 წლისაა მისთვის და ქვეყნისთვის ურთულესი განსაცდელების დროს.

და მინდა დავწერო ეს მოკლე პოსტი დღეს - დენისისთვის ყველაზე რთულ დღეებში. იმ დღეებში, როდესაც მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უზარმაზარია. როცა პასუხისმგებლობა ცისკენ ამაღლებულ ვაჟკაცობაზე მაღალია. როცა უნდა გადაწყვიტო სხვებისთვის, ძმებისთვის. მინდა გითხრა, მეომარო, გმირო მეთაურო, გითხრა ახლავე, როცა განსაცდელების თასი ჯერ არ დაგილევია და, ალბათ, ყველაზე მძიმე ჯერ კიდევ წინ არის.

შენ გაიმარჯვე და შენმა ვაჟკაცმა ძმებმა. მართალი ხარ. "აზოვმა" დავალება შეასრულა. არა - თქვენ შეასრულეთ უმნიშვნელოვანესი ამოცანა. შენ კი, მეთაურო, ყველაფერი გააკეთე. და ასე გააგრძელებ! ამაში დარწმუნებული ვარ - რაც არ უნდა მოხდეს.

დრო და ბედი ხანდახან აუტანელ გამოცდებს გვიწყობს. ყველაზე ძლიერებს. შენ მიიღე ეს.

მილიონობით ადამიანი ამაყობს თქვენი და შენი ღვაწლით, მეთაურო.

მინდა იცოდეთ და გააცნობიეროთ ეს ახალი გამოცდების პერიოდში! იცოდეთ ეს! იცოცხლეთ და გაძლიერდით! იცოცხლეთ, მიიღეთ გადაწყვეტილებები და იცოდეთ, რომ ჩვენ გვჯერა თქვენი და მხარს გიჭერთ! მილიონობით ადამიანი გიჭერთ მხარს. მთელი გულით. თითოეულ თქვენგანს. ამ მილიონებს შორის არის ჩემი ხმა. და რაც არ უნდა რთული იყოს გზა - იცოდეთ, ჩვენ გვჯერა და დაგეხმარებით მანამ, სანამ გული ძგერს.

შენ და მარიუპოლის გარნიზონის ჯარისკაცები იბრძოდით უკრაინისთვის. თქვენ შექმენით ახალი ეპოსი. და უკრაინა იბრძვის თქვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. უკრაინა არ მიატოვებს თავის ჯარისკაცებს. ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს ჯარისკაცებს! ყოველთვის იცოდეთ ეს და ჩვენი იმედი გქონდეთ ურთულესი განსაცდელებისას.

პატივი იყო თქვენთან ერთად სამსახური მეომრებო! პატივი იყო შენთან ერთად სამსახური, დენის! პატივი იქნება შენთან ერთად სამსახურის გაგრძელება, რა რთული განსაცდელებიც არ უნდა გველოდოს!" - წერს 2014-2021 წლებში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი. 

მსგავსი სიახლეები