Axios: მოსადის დირექტორი მძევლების საკითხზე სასაუბროდ კატარში იმყოფებოდა
ისრაელის საგარეო დაზვერვის უფროსი დევიდ ბარნეა კატარში იმყოფებოდა, სადაც სამეფოს მაღალჩინოსნებს შეხვედრა - ვიზიტის მთავარი თემა ჰამასის მიერ დატყვევებული 230 ისრაელელის გათავისუფლება იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დევიდ ბარნეას ვიზიტი ღაზაში ისრაელის არმიის შეზღუდული სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ შედგა. წყაროს ცნობით, ბარნეამ კატარის მედიაციით განაახლა მძევალთა გათავისუფლების შესახებ დაწყებული მოლაპარაკებები. წყაროები ამბობენ, რომ შეხვედრის შემდეგ მხარეებს გარკვეული პროგრესი აქვთ.
კონტექსტი
მძევლების საკითხს გამოეხმაურა ჰამასის ლიდერი ღაზაში იაჰია სინვარიც - 28 ოქტომბერს სინვარმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად არის გაათავისუფლეს ყველა მძევალი ისრაელის საპატიმროებში მყოფ 6 ათასამდე პალესტინელში.
ეს 7 ოქტომბრის შემდეგ იაჰია სინვარის პირველი საჯარო განცხადება იყო. თავის მხრივ ისრაელის მთავრობაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე სინვარის წინადადების განხილვას არ აპირებენ, რადგანაც ეს ჰამასის პოზიციებს გააძლიერებს.
საყურადღებოა, რომ თავად სინვარი 2011 წელს მსგავსი გაცვლის შედეგად გათავისუფლდა - ისრაელის ციხეში 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ, სინვარი 1026 სხვა პატიმართან ერთად ისრაელმა ჰამასის მიერ დატყვევებულ სერჟანტ, გილად შალიტში გაცვალა.
27 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში სახმელეთო ოპერაციის გაფართოების შესახებ გამოაცხადეს - გასულ დღეებში ისრაელის ტანკები გამოჩნდნენ ქალაქ ღაზასთან დამაკვშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე.