აზერბაიჯანი: რუსეთმა სომხური დანაყოფების გაყვანა უნდა უზრუნველყოს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო, რუსი კოლეგების მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დაარღვიეს შეთანხმება და ისინი რუსი მშვიდობისმყოფელების მისიის ზონაში შეიჭრნენ.
აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, მათ არ დაურღვევიათ 2020 წლის 10 ნოემბრის შეთანხმება:
"პირიქით, მწუხარებით ვაცხადებთ, რომ სომხეთის არმიასა და სხვა უკანონო სომხურ შენაერთებს ჯერაც არ შეუსრულებიათ ნაკისრი ვალდებულებები და არ გასულან აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონიდან. ასე რომ, შეთანხმებას არღვევს სომხეთი".
ამავდროულად აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია გაათავისუფლოს "სომხური შენაერთებისგან" აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორია.
"ვწუხვართ რუსეთის თავდაცვის უწყების ცალმხრივ განცხადებაზე, რომელიც არ ასახავს რეალობას", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადება ეწინააღმდეგება მხარეების მიერ 22 თებერვალს გაფორმებული მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების დეკლარაციის შინაარსსა და სულისკვეთებას.
__________________________________________________
თვითაღიარებული ყარაბაღის ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტს რეგიონში დისლოცირებული რუსი სამშვიდობო ჯარების კონტინგენტის ზრდას სთხოვს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ნოვოსტი არმენიი პრეზიდენტის ოფისის საინფორმაციო სამმართველოზე დაყრდნობით წერს.
"გთხოვთ გადახედეთ რეგიონში მყოფი რუსი მშვიდობისმყოფელებისა და მათ განკარგულებაში არსებული საშუალებების რაოდენობას და შესაბამისად, გაზარდოთ სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა", - ნათქვამია წერილში.
უწყებაში განმარტავენ, რომ მისიის დაწყების მომენტიდან ამ დრომდე რუს მშვიდობისმყოფელებთან, კონსტრუქციული ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ და მზად არიან უზრუნველყონ რუსი სამხედროები ყველა აუცილებელი პირობით.
რუსი მშვიდობისმყოფელების მისიის ზონაში შექმნილი ვითარება განიხილეს ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა გუშინ, 25 მარტს გამართულ სატელეფონო საუბარში.
ფაშინიანის თქმით, ვითარება დაძაბულია და აზერბაიჯანელი სამხედროები წინ მიიწევენ. სომხეთი პრემიერი ამბობს, რომ აუცილებელია აზერბაიჯანელი სამხედროები საწყის პოზიციებზე დაბრუნდნენ.
მიმდინარე ესკალაციის ფაზა 22 მარტს დაიწყო, ამ დღეს სომხეთმა განაცხადა, რომ ყარაბაღის რეგიონს გაზმომარაგება შეუწყდა, რაშიც ბრალი აზერბაიჯანულ მხარეს დასდო.
მოგვიანებით სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ და ერთ-ერთი სოფელიც დაიკავეს.
აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ისტერიის მიზეზი არ არსებობს და მიმდინარე გადაადგილება პოზიციების დაზუსტებაა და სხვა არაფერი.
2020 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში მეორე ომი დაიწყო, რომელიც 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდა. იმავე წლის ნოემბერში სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის ფედერაციის შუამავლობით ზავი გააფორმეს.
შეთანხმების შედეგად, აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა, მანამდე სომხეთის მიერ კონტროლირებადი 5 რეგიონი, მათ შორის ქალაქი შუშიც. ამავე შეთანხმების მიხედვით, რეგიონში რუსეთის 2 000-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი შევიდა.