აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო მინისტრები ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეორე პირისპირ შეხვედრა ნიუ-იორკში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის შუამავლობით გაიმართება.
"მოხარულები ვართ, რომ შეტაკებები შეწყდა და არ განახლებულა. ძლიერი და მწყობრი დიპლომატიური ჩართულობა საუკეთესო გზაა, გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად",- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ჩანიშნულ შეხვედრას გამოეხმაურა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე კმაყოფილია აშშ-სთან ურთიერთობების დონით და ისინი ყოველთვის მზად არიან მოლაპარაკებებისთვის.
აშშ-ში ჩანიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტი ერევანში. სომხეთში ყოფნისას პელოსიმ აზერბაიჯანის მიმართ კრიტიკული განცხადებები გაავრცელა, რასაც აზერბაიჯანის პასუხიც მოჰყვა - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ნენსი პელოსი პრო-სომხური პოლიტიკოსია.
კონტექსტი
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ესკალაციის ახალი ფაზა 13 სექტემბერს ღამით დაიწყო. თავის პირველ განცხადებაში სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ იერიში საზღვრისპირა რაიონებში არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დაიწყო.
სომხური მხარის ინფორმაციით, იერიში უშუალოდ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის მიმართულებით მიმდინარეობდა. მათ შორის შეტევები მიმდინარეობდა ქალაქების ჯერმუკის, სოტკის და გორისის მიმართულებით.
თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შეტევები სომხეთის მხრიდან სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მოწყობილი მასშტაბური დივერსიული აქტის პასუხი იყო.
სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანთან შეტაკებების შედეგად დაღუპია სომხეთის 150 მოქალაქე. თავის მხრივ აზერბაიჯანული მხარის ცნობით, შეტაკებებისას დაიღუპა 79 სამხედრო პირი.