აზერბაიჯანის თავდაცვა რუსეთს: ჩვენი ძალები დაკავებულ სოფელში რჩებიან
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსი კოლეგების განცხადებას გამოეხმაურა. უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე მიმართულებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და აზერბაიჯანული ძალები რჩებიან დაკავებულ სოფლებში.
"ვწუხვართ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 27 მარტის განცხადება შეიცავდა რამდენიმე მონაკვეთს, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. კერძოდ სოფელ ფარუხსა და მის ირგვლივ არსებულ სტრატეგიულ სიმაღლეებზე არანაირი ცვლილებები არ მომხდარა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული ძალები გავიდნენ ამ პოზიციებზე არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენი ჯარი სრულად აკონტროლებს ოპერატიულ მდგომარეობას".
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს ცნობები იმის შესახებ, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანმა დაარღვია და არიან დაჭრილები.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 26 და 27 მარტის განცხადებებში ტერმინ მთიანი ყარაბაღის გამოყენება წარმოადგენს საერთაშორისო თანამეგობრობისა და მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ".
ამავდროულად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთხელ მოიშველია მხარეებს შორის მიმდინარე წლის 22 თებერვალს გაფორმებული თანამშრომლობის დეკლარაცია - "თავის განცხადებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნული დეკლარაციის უპატივცემლობას ახდენს.
გარდა ამისა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ რუს კოლეგებს მოუწოდა შეასწორონ შეცდომები - "გვინდა ცალკე აღვნიშნოთ, რომ აზერბაიჯანის ხოჯალის რაიონში არ არსებობს სოფელი ფურუხი, ამ სოფელის სახელია ფარუხი. ვიმედოვნებთ, რომ სოფლის სახელი სწორად იქნება მოხსენიებული რუსი კოლეგების შემდგომ განცხადებებში".