აზოვის მეთაური: ომი ხანგრძლივი იქნება, ყველას მოვუწოდებ აიღონ ხელში იარაღი

აზოვის ბატალიონის მეთაურის თქმით, რუსეთთან მიმდინარე ომი ხანგრძლივი იქნება - პროკოპენკო მოუწოდებს უკრაინელებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი და შეუერთდნენ შეიარაღებულ ძალებს. 

"ომის დასრულების ვადებზე წუხილებით გამოწვეული უიმედობის, პანიკისა და აპათიის საუკეთესო წამალი იმ ისტორიულ პროცესებში აქტიური ჩართვაა, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება",- წერს დენის პროკოპენკო. 

აზოვის მეთაური წერს, რომ რუსეთი არასდროს იტყვის უარს თავის გეოპოლიტიკურ მიზნებზე და შესაბამისად ერთადერთი გამოსავალი სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთის დამარცხებაა. 

"ეს ომი ხანგრძლივი იქნება, ის შესაძლოა წლები გაგრძელდეს, ჩვენზე მხოლოდ ის არის დამოკიდებული თუ რას ვაკეთებთ ყოველდღიურად ჩვენი გამარჯვების მოსაახლოვებლად",- წერს პროპენკო. 

კონტექსტი 

პროკოპენკო და აზოვის სხვა მეთაურები თურქეთიდან უკრაინაში მიმდინარე წლის ივნისში დაბრუნდნენ. მარიუპოლში ტყვედ აყვანილი პროკოპენკო და აზოვის სხვა მეთაურები რუსეთმა ვიქტორ მედვედჩუკში გასული წლის შემოდგომაზე გაცვალა. 

ამ დროიდან მოყოლებული მიმდინარე წლის ივნისამდე უკრაინელი მებრძოლები თურქეთში, პრეზიდენტ ერდოღანის დაცვის ქვეშ იმყოფებოდნენ. კრემლი იუწყებოდა, რომ შეთანხმების მიხედვით გაცვლილი აზოველები თურქეთში საომარი მოქმედებების დასრულებამდე დარჩებოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. 

პროკოპენკოსა და მისი თანამებრძოლების სამშობლოში დაბრუნების ზუსტი გარემოებები ამ დრომდე უცნობია. შემოდგომის დასაწყისში უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურმა განაცხადა, რომ პროკოპენკო უახლოეს მომავალში ჩაერთვებოდა საომარ მოქმედებებში. 

ამ დროისთვის განახლებული აზოვის დანაყოფები ბახმუტის შემოგარენსა და სერებრიანის ტყეში მოქმედებენ.  

მსგავსი სიახლეები