ბაიდენი: ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში ამერიკელი სამხედროები ტაივანს დაიცავენ
ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა კითხვას - "დაიცავენ თუ არა ამერიკის ძალები, ამერიკელი ქალები და კაცები ტაივანს ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში".
ამის შესახებ ბაიდენმა ტელეარხ CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მოგვიანებით თეთრი სახლის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ტაივანთან მიმართებით აშშ-ს გრძელვადიანი სტრატეგია სტრატეგიული ორაზროვნების შესახებ არ შეცვლილა.
მსგავსი შინაარსის განცხადება ჯო ბაიდენმა მიმდინარე წლის ზაფხულს ტოკიოში ყოფნისასაც გაავრცელა.
ჯო ბაიდენი დემოკრატიულ კუნძულზე სტატუსის ძალისმიერი ცვლილების წინააღმდეგაც გამოვიდა, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ აშშ არ წაახალისებს კუნძულის მხრიდან დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გამოცხადებას.
ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი
ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად ტაივანს დამარცხებული გენერალი ჩან კაიშის პარტია მართავდა.
ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს კუნძული თუნდაც ძალის გამოყენებით.
ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები.
ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს, მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს.
ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტაბები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს.