ბაიდენმა ალ-ზავაჰირის მკვლელობა დაადასტურა და ოპერაციის დეტალებზე ისაუბრა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ალ-კაიდას ლიდერი, აიმან ალ-ზავაჰირი ამერიკელების ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა.

"მე გავეცი განკარგულება, დამიზნებით ესროლათ და ერთხელ და სამუდამოდ ჩამოეშორებინათ ის ბრძოლის ველიდან", - თქვა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტის თანახმად, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ალ-ზავაჰირის წლის დასაწყისში მიაგნეს, როცა ის ქაბულში თავისი ოჯახის წევრებს შეუერთდა.

ავღანეთის დედაქალაქში ამერიკელებმა სწორედ იმ სახლს ესროლეს, სადაც ალ-კაიდას ლიდერი თავს აფარებდა. თეთრი სახლის თანახმად, შენობას ამერიკული დრონებით Hellfire-ის ორი რაკეტა ესროლეს. თავდასხმისა და ალ-ზავაჰირის მკვლელობის განკარგულება პირადად პრეზიდენტმა ბაიდენმა გასცა.

"სამართლიანობამ დაისადგურა, ადამიანებს მსოფლიოს გარშემო ამ სასტიკი მკვლელის აღარ უნდა ეშინოდეთ", - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მან ასევე გაიხსენა ალ ზავაჰირის "მჭიდრო ჩართულობა" 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დაგეგმვაში. ჯო ბაიდენის თქმით, ალ-ზავაჰირი "ათწლეულების განმავლობაში იდგა ამერიკელებზე განხორციელებული თავდასხმების უკან".

"დღეს კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, სადაც არ უნდა დაიმალო, თუ ჩვენს ხალხს საფრთხეს უქმნი, აშშ გიპოვის და ბოლოს მოგიღებს", - განაცხადა ბაიდენმა.

----------------------

აიმან ალ-ზავაჰირი წარჩინეული ეგვიპტური ოჯახის შვილი იყო. მისი დიდი ბაბუა კაიროს უნივერსიტეტის იმამი იყო, ხოლო ბიძა არაბული ლიგის პირველი მდივანი.

იგი ციხეში 1981 წელს მოხვდა, ეგვიპტის პრეზიდენტის ანვარ სადათის მკვლელობაში მონაწილეობისთვის. 3 წლიანი პატიმრობის შემდეგ, აქტიურად ჩაერთო ტერორისტულ საქმიანობაში.

მისი სახელი არაერთ გახმაურებულ ტერაქტთან არის დაკავშირებული, მათ შორის არის კენიასა და ტანზანიაში, აშშ-ს საელჩოებთან თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული აფეთქება, რასაც ჯამში 200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 5,000-ზე მეტი დაშავდა.

ალ-ზავაჰირის ორგანიზებით განხორციელდა ტერაქტი იემენში, სადაც კატერის აფეთქებას - 17 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

თუმცა, მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ გახდა, რადგანაც მიიჩნევა, რომ აიმან ალ-ზავაჰირი, ამ თავდასხმების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. 

იგი ბინ-ლადენის უახლოესი გარემოცვის წევრი და თანამებრძოლი იყო, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ, ტერორისტული ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

 

 

მსგავსი სიახლეები