ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა NBC-თან ინტერვიუში ამერიკელებს მოუწოდა, რომ რუსეთის შემოჭრის საფრთხის გამო დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა.

"ამერიკის მოქალაქეებმა უკრაინა ახლავე უნდა დატოვონ," - თქვა მან.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმია ჰყავს. "ეს არის ძალიან განსხვავებული სიტუაცია და ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს," - თქვა მან.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ვაშინგტონს უკრაინიდან ამერიკელი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკელი ჯარისკაცები გაგზავნოს, ბაიდენმა უარყოფითად უპასუხა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ამერიკელები და რუსები სროლას დაიწყებენ, ეს მსოფლიო ომია.

ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, უთხრა თუ არა აშშ-ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს, რომ ამერიკის მოქალაქეები არიან "ხაზი, რომელიც არ უნდა გადალახოს." ამერიკის პრეზიდენტის თქმით, პუტინმა ეს იცის.

ამერიკულმა მედიამ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა უკრაინიდან აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციის გეგმა დაამტკიცა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ამჟამად უკრაინაში დაახლოებით 30 000 ამერიკის მოქალაქეა.

მსგავსი სიახლეები