ბახმუტის შტურმის დროს მოკლული 20 ათასი „ვაგნერელიდან“ 17 ათასი პატიმარი იყო
“BBC-ის რუსული სამსახურისა“ და „მედიაზონას“ ერთობლივი კვლევის შედეგად დგინდება, რომ ქალაქ ბახმუტის შტურმის დროს მოკლული „ვაგნერელების“ 90% პატიმარი იყო.
გამოცემების მიხედვით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“, რომელიც ევგენი პრიგოჟინის მიერ იყო დაარსებული, რუსეთის ციხეებიდან, სულ მცირე, 48,366 პატიმრის რეკრუტირება შეძლო.
„ვაგნერის“ რეკრუტირების პროგრამა, სახელწოდებებით „проект 42174” ან “проект К”, ითვალისწინებდა ექვსთვიან საბრძოლო კონტრაქტს, სანაცვლოდ კი, პატიმრებს შეწყალებას, ნასამართლობის ისტორიის წაშლასა და მაღალ ანაზღაურებას სთავაზობდნენ. მებრძოლის სიკვდილის ან დაზიანების შემთხვევაში, კონტრაქტი ითვალისწინებდა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის გადახდას და დაზღვევის ხარჯების დაფარვას.
მასალების მიხედვით ირკვევა, რომ რეკრუტირების პირველი შემთხვევა 2022 წლის 1 ივლისს ფიქსირდება, ბოლო კი - 2023 წლის 7 თებერვალს. საერთო ჯამში, მოპოვებული მასალებით 48,366 რეკრუტირებული პატიმრის დათვლა მოხერხდა. თავად პრიგოჟინი საჯაროდ 50 ათას პატიმარზე საუბრობდა.
„ვაგნერელების“ უმეტესობა ქალაქი ბახმუტის აღების დროს მოკვდა. ეს ბრძოლა, რომელსაც თავად „ვაგნერი“ოპერაცია „ბახმუტის ხორცსაკეპს” უწოდებდა, დაახლოებით 327 დღე გრძელდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, „ვაგნერმა“ დაკარგა მინიმუმ 19,547 მებრძოლი. აქედან - 17,175 პატიმარი იყო, ხოლო, დანარჩენი 2,372 - მოხალისე დაქირავებული მებრძოლი.
მკვდარი მებრძოლების ოჯახის წევრებისთვის „ვაგნერმა“ ჯამში 108 მილიარდი რუბლი დახარჯა. თითოეულ ოჯახს 5 მილიონი რუბლის კომპენსაცია შეხვდა, პლუს 300 ათასი რუბლი დასაფლავების ხარჯების დასაფარად.
20 ათას მკვდარ მებრძოლზე საუბრობდა „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, თუმცა, ჟურნალისტების მტკიცებით, იცრუა მკვდარი პატიმრების რაოდენობის შესახებ - „ოპერაციის განმავლობაში მე 50 ათასი პატიმარი ავარჩიე, საიდანაც, დაახლოებით 20% მოკვდა. ეს ზუსტად იმდენია, რამდენიც მოკლული მოხალისე დაქირავებული მებრძოლი“ - ამბობდა პრიგოჟინი Z-ბლოგერთან ინტერვიუში.
პრიგოჟინის მიხედვით, „ბახმუტის ხორცსაკეპის“ იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი ჯარისკაცი მოეკლათ. ის ამტკიცებდა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში 50 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი მოკვდა და 50-70 ათასი დაიჭრა, რაც, ცხადია, არ შეესაბამება სიმართლეს.
უკრაინული პროექტის “UALosses” მიხედვით, ქალაქისთვის ბრძოლაში 8,9 ათასი უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვა ფიქსირდება.