ჩერევატი: ბახმუტის ზოგიერთ მონაკვეთზე უკრაინელებს 1.2 კმ-იანი წინსვლა აქვთ
8 ივნისს, ბახმუტის მიმართულების ზოგიერთ რაიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტერს 1.2 კილომეტრით უკან დახევა აიძულა.
ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელი სერჰი ჩერევატი ავრცელებს.
"ვისარგებლეთ, რომ მტერი როტაციას ახორციელებს და შემოსული ქვედანაყოფები ჯერ ბოლომდე არ იცნობენ რელიეფს, არ ჩაუტარებიათ შესაბამისი დაზვერვა და კოორდინაცია, ჩვენ დავარტყით და რამდენიმე დღეა ვუტევთ.
წინა დღეების განმავლობაში ჩვენ ქვედანაყოფებს ზოგიერთ რაიონში 1200 მეტრამდე წინსვლა ჰქონდა. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც მრავალი თვეა მიმდინარეობს." - აცხადებს ჩერევატი.
მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალები მაქსიმალურად ცდილობენ მოწინააღმდეგის საბრძოლო პოტენციალის შემცირებას.
მან აღნიშნა, რომ რუსები წინააღმდეგობას უწევენ და ცდილობენ უკრაინული ნაწილების საარტილერიო ცეცხლით დაფარვას.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ბახმუტში 120 დამპყრობელი დაიღუპა, 163 დაიჭრა და 11 ტყვედ ჩავარდა.