"ბახმუტში რამდენი ხალხი დააწვინე"- კადიროველები პრიგოჟინს 'სტრელკას' უნიშნავენ
რამზან კადიროვის გარემოცვის წევრები ევგენი პრიგოჟინის ე.წ. სტრელკას უნიშნავენ და პირადად ყველაფრის გარჩევას სთავაზობენ.
შესაბამისი შინაარსის მიმართვები კადიროვთან დაახლოებულმა ერთდროულად 2 პირმა გაავრცელა. თავდაპირველად გავრცელდა ადამ დელიმხანოვის მიმართვა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის აქტიური მონაწილე და პარალელურად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატია.
"შენ უკვე ბლოგერი გახდი, მთელი მსოფლიოს გასაგონად ყვირი, პრობლემები გაქვს და ტყვია-წამალი არ გაქვს და ა.შ. ჩვენ ყველამ ვიცით რამდენიმე ხალხი დააწვინე ბახმუტის მიმართულებით გასული 7-8 თვის განმავლობაში",- ამბობს დელიმხანოვი.
დელიმხანოვის თქმით, მიმართვის ჩაწერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ევგენი პრიგოჟინის ინტერვიუ ნახა, რომელშიც ეს უკანასკნელი ამბობდა, რომ მისთვის გაუგებარია რით არიან დაკავებულები ჩეჩნური დანაყოფები დონეცკის ოლქში.
"თუ შენთვის რამე გაუგებარია ნებისმიერ დროს შეგიძლია დაგვიკავშირდე, აირჩიო დრო და ადგილი და ჩვენ აგიხსნით იმას რაც შენთვის გაუგებარია",- მიმართავს დელიმხანოვი პრიგოჟინს.
დელიმხანოვის თქმით, პრიგოჟინი იტყუება როდესაც ამბობს, რომ მას თავდაცვის სამინისტრო არ აწვდის საარტილერიო ჭურვებს. ჩეჩენი საველე მეთაურის თქმით, ჩვკ ვაგნერი სინამდვილეში ყველაზე კარგად მომარაგებული დანაყოფი იყო.
პრიგოჟინს მიმართა რამზან კადიროვის კიდევ ერთმა მოადგილემ მაგომედ დაუდოვმაც - "ჩვენს მებრძოლებსაც ჰქონდათ პრობლემები, მაგრამ მებრძოლა არ უნდა დაიწყოს ამის შესახებ ყვირილი. შენს განცხადებებში ყოველთვის მიანიშნებ, რომ საჭიროა ვიღაცების დახვრეტა. ასეთი სიტყვების გამო მეორე მსოფლიო ომის დროს იმწუთშივე კედელთან მიგაყენებდნენ."
კონტექსტი
ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელი და რამზან კადიროვი გასულ წელს მოკავშირეებად მოიაზრებდნენ - 2022 წლის შემოდგომაზე ხარკივის ოლქში უკრაინის ელვისებური კონტრიერიშის შემდეგ ორივე მათგანმა მომხდარში გენერალი ალექსანდრ ლაპინი, გენერალური შტაბი და თავდაცვის სამინისტრო დაასახელა.
პრიგოჟინის და კადიროვის მოკავშირეობა გაგრძელდა მომდევნო პერიოდშიც, როდესაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მეთაურად სერგეი სუროვიკინი დაინიშნა. კადიროვი და პრიგოჟინი დადებითად ახასიათებდნენ სუროვიკინის გადაწყვეტილებებს, მათ შორის ხერსონიდან გასვლასაც.
ორს შორის ურთიერთობების გაფუჭების ნიშნები ბოლო კვირებში გაჩნდა - რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ გახმაურებულ ინტერვიუში ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ქალაქი პოპასნა გასული წლის მაისში სწორედ მისმა ბოევიკებმა დაიკავეს. პრიგოჟინის ინტერვიუს მალევე გამოეხმაურა კადიროვი და განაცხადა, რომ პოპასნას ოპერაციაში მისი დანყოფები მონაწილეობდნენ და პრიგოჟინი ტყუილში დაადანაშაულა.