ბალკანეთის ქვეყნებმა უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ბალკანეთის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა მთავრობათა მეთაურებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ "ურყევი მხარდაჭერა."
შესაბამის დეკლარაციას ხელი ათენში, ორშაბათს საღამოს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თანდასწრებით გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე მოაწერეს.
ათენის განცხადებას ხელ მოაწერეს სერბეთის, მოლდოვის, მონტენეგროს, რუმინეთის, კოსოვოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბულგარეთისა და ხორვატიის, ასევე საბერძნეთის ლიდერებმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი.
ხელმომწერი ქვეყნები ადასტურებენ მათ "მხარდაჭერას და აღიარებენ უკრაინის პრეზიდენტის სერიოზულ ძალისხმევას," რათა დაამყაროს მშვიდობა გაეროს წესდების შესაბამისად.
ამავე დროს, ისინი საუბრობენ ზელენსკის მიერ შემუშავებულ "მშვიდობის ფორმულაზე," რომელიც უკრაინიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანას ითვალისწინებს.
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის "ასოცირებული ტრიოდან" ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის წარმომადგენელი სამიტს არ დასწრებია. ჯერ-ჯერობით უცნობია, რატომ არ ჩასულა ათენში საქართველოს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი.