ბარნსი: უკრაინაში მოკლულია 15 ათასი რუსი ჯარისკაცი, დაჭრილია სამჯერ მეტი

აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა უკრაინაში მიმდინარე აგრესიის შედეგად რუსეთის დანაკარგებზე ისაუბრა. ბარნსის თქმით, 24 თებერვლიდან მოკლულია 15 ათასამდე რუსი სამხედრო.

ამის შესახებ უილიამ ბარნსმა ასპინის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. 

"აშშ-ს სადაზვერვო უწყებების ხელთ არსებული ბოლო ცნობებით, უკრაინაში მოკლულია 15 000 რუსი სამხედრო და დაახლოებით სამჯერ მეტია დაჭრილთა რაოდენობა." - თქვა ბარნსმა. 

ეს აშშ-ს მიერ რუსეთის დანაკარგების შესახებ გავრცელებული ბოლო ცნობებია, რომელიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ რიცხვებს. 

უკრაინის გენშტაბი 38 750 მოკლული რუსი სამხედროს შესახებ საუბრობს. თავის მხრივ ბარნსის მიერ გაჟღებული რიცხვი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა წყაროების მონაცემებსაც - დაახლოებით 20 ათასი მოკლული რუსი სამხედროს შესახებ იუწყებოდა ბრიტანეთის დაზვერვა ჯერ კიდევ ივნისში. 

თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარი დანაკარგების შესახებ ცნობები სულ ორჯერ გაავრცელა, ბოლოს 25 მარტს - ამ მონაცემების მიხედვით უკრაინაში მოკლულია 1 351 რუსი სამხედრო. 

CIA-ს დირექტორმა განაცხადა, რომ უკრაინელების დანაკარგი უფრო ნაკლებია, მაგრამ მიუხედავად ამისა საუბარია სერიოზულ დანაკარგებზე. 

მსგავსი სიახლეები