ბავარიის პრემიერი: რუსეთმა რომ არ გაიმარჯვოს, უკრაინას Taurus-ის რაკეტები უნდა მივაწოდოთ
ბავარიის პრემიერ-მინისტრმა, ქრისტიან-სოციალური კავშირის (CSU) თავმჯდომარემ მარკუს ზოდერმა განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინას Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები უნდა მიაწოდოს.
ზოდერის თქმით, Taurus-ის რაკეტები უკრაინას "დრონებისა და რაკეტების მუდმივი თავდასხმების თავიდან აცილებაში" დაეხმარება.
ეს იქნება "ერთადერთი სერიოზული შანსი უკრაინისთვის, რომ ახალი ძალები გამონახოს და რუსებს არ მისცეს გამარჯვების საშუალება," - მიიჩნევს ბავარიის პრემიერ-მინისტრი.
მისი თქმით, გერმანიას და ევროკავშირს "უსაფრთხოების რეალური პრობლემა" შეექმნებათ, თუ რუსეთი ომს მოიგებს.
უკრაინაზე რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანმა ასევე მოითხოვა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა სასწრაფოდ სჭირდება "საარტილერიო საბრძოლო მასალა, Taurus და სათადარიგო ნაწილები დიდი აღჭურვილობისთვის, რომელსაც ჩვენ ვაწვდით."
ამავდროულად, გერმანიის მთავრობა აგრძელებს უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმას.