ბავარიის პრემიერს გამორთული ატომური ელექტროსადგურის ამოქმედება სურს
ბავარიის პრემიერ-მინისტრ მარკუს ზოდერს სურს ატომური ელექტროსადგური Isar 2, რომელიც ქსელიდან გათიშეს, კვლავ ამოქმედდეს. ამის შესახებ მან Bild am Sonntag-თან ინტერვიუში 16 აპრილს განაცხადა.
"ბავარია ფედერალური მთავრობისგან მოითხოვს, რომ ფედერალურმა მთავრობამ ჩვენ გადმოგვცეს პასუხისმგებლობა ბირთვული ენერგიის შემდგომ ფუნქციონირებაზე. სანამ კრიზისი არ დასრულდება და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა წარმატებით არ მოხდება, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სახის ენერგია ათწლეულის განმავლობაში", - განაცხადა ზოდერმა. "ბავარია მზად არის აიღოს ეს პასუხისმგებლობა."
გარდა ამისა, ის დაჟინებით მოითხოვს ადგილობრივი კვლევითი რეაქტორის მშენებლობას.
მწვანეების პასუხი
იმავდროულად, ბუნდესტაგში მწვანეთა ფრაქციის ლიდერმა ბრიტა ჰასელმანმა უკვე განაცხადა, რომ ზოდერის პოზიცია მისი პარტიული წინასაარჩევნო ტაქტიკის ნაწილია. ბავარიის ლანდტაგის (მიწის პარლამენტი) არჩევნები 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
16 აპრილის ღამეს გერმანიის ხელისუფლებამ ქსელიდან გათიშა ბოლო სამი მოქმედი ატომური ელექტროსადგური - Isar 2 ბავარიაში, Neckarwestheim 2 ბადენ-ვიურტემბერგში და Emsland ქვემო საქსონიაში.
მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარემ, რიკარდა ლანგმა ტვიტერზე დაწერა, რომ ბირთვული ენერგიიდან გამოსვლა "განახლებადი ენერგიის ეპოქაში საბოლოო შესვლას" ნიშნავს.
გერმანიის ფინანსთა მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების ლიდერი კრისტიან ლინდნერი თვლის, რომ სამი ატომური ელექტროსადგური რეზერვში უნდა დარჩეს და მათი დემონტაჟი არ უნდა მოხდეს.